ახალი ამბები

რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეხვედრა და ინციდენტები შეხვედრის წინ

26 აგვისტო, 2014 • 1065
რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეხვედრა და ინციდენტები  შეხვედრის წინ

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელის ჩამორთმევის კადრები მრავალმხრივი შეხვედრის წინ უცხოურმა მედიამ გაავრცელა.  

 

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანის” ინფორმაციით, პოროშენკო მზადაა, მისცეს პუტინს შანსი, რომ “გავიდეს თამაშიდან” ღირსეულად.

 

“მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, ჯარის გაყვანის სტრატეგიები, უკრაინის მომავლისა და ევროპაში მშვიდობიანი ინტეგრაციის შესახებ”, -უნიანის ცნობით, ეს განცხადება პოროშენკომ გააკეთა.

 

მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მინსკში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეტრინ ეშტონიც ჩავიდა.


“ევროკავშირი ესწრება შეხვედრას, რომ ნახოს, რამდენადაა შესაძლებელი, უკრაინაში მოგვარდეს კრიზისი”, თქვა ეშტონის სპიკერმა მაია კოსიანჩეკმა.

 

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრას წინ ინცინდენტები უსწრებდა.

 

ოთხი უკრაინელი მესაზღვრე ემსხვერპლა რუსი სამხედროების საჰაერო თავდასხმას უკრაინაში. 10 რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს დონეცკის რეგიონში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ინფორმაცია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით  “სიენენმა” გაავრცელა.

 

რუსეთმა არაერთხელ უარყო კიევის ბრალდებები, რომ ის აგზავნის ჯარისკაცებს და იარაღს უკრაინის საზღვართან, სადაც უკრაინელი სამხედროები პრორუსული ამბოხებულების წინააღმდეგ იბრძვიან, წერს “სიენენი”.

 

რუსული საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რომელიც მას წყარომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდა, ჯარისკაცები პატრულირებდნენ საზღვართან და მათ “სავარაუდოდ, შემთხვევით გადაკვეთეს მოუნიშნავ პუნქტთან საზღვარი”.

რუსი ჯარისკაცების ტყვეობის ამბავმა ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა გადაფარა. უკრაინაში მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას “როიტერიც” აქვეყნებს.

 

“ეს არ იყო შემთხვევითობა და შეცდომა, არამედ ეს იყო სპეციალური მისია”, განაცხადა სამხედრო სპიკერმა ანდრი ლისენკომ,  წერს “როიტერი”.

 

მისივე თქმით, სეპარატისტები თავს დაესხნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს, ქალაქ ნოვოაზოვკისთან. უკრაინულმა ძალებმა 12 ქვეითი ჯარის მანქანა გაანადგურეს.

პოროშენკო-პუტინის შეხვედრა, 26 აგვისტო, 2014, ფოტო: RT
პოროშენკო-პუტინის შეხვედრა, 26 აგვისტო, 2014, ფოტო: RT

მასალების გადაბეჭდვის წესი