ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

24 აგვისტო, 2014 • • 1138
აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

პრეზიდენტობისთვის  ოთხი კანდიდატი იბრძვის – ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა. “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, კანდიდატებმა ეროვნული ერთიანობის მისაღწევად შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათ ასევე გადაწყვიტეს, დიალოგის გაძლიერებისთვის და კრიზისული სიტუაციის მართვისთვის შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. 

აპსნიპრესი”-ის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში 20 ქვეყნის წარმომადგენლები დააკვირდებიან.  პარლამენტის სპიკერის მთავარი მრჩევლის, გალინა სტრანიჩკინას განცხადებით, 19 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 80-მა ადამიანმა 20 ქვეყნის 23 დელეგაციიდან.

“მათ შორის, ვინც აფხაზეთში ჩამოვა, არის რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე სტანისლავ ვავილოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ევგენი სერებრენნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და რუსეთისა და ბელორუსის საპარლამენტო კავშირის კომისიის თავმჯდომარე ტატიანა მოსკალკოვა”, – წერს “აპსნიპრესი” სტრანიჩკინას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

აფხაზეთმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1993 წელს გამოაცხადა. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დადგენილებით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად ითვლება. 

 საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში; გალი; ფოტო: ოლესია ვართანიანი;
საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში; გალი; ფოტო: ოლესია ვართანიანი;

 

ბიოლის ფონდის ლოგო
ბიოლის ფონდის ლოგო

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი