ახალი ამბები

26 377 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

23 აგვისტო, 2014 • • 2628
26 377 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

“წელს სტუდენტი გახდა 26 377 აბიტურიენტი, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ღებულობდა 35 500-მდე აბიტურიენტი. დაახლოებით 9 000-ია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც გამოეთიშნენ კონკურსს და ვერ მიიღეს ჩარიცხვაში მონაწილეობა. ძირითადი მიზეზი, ბუნებრივია, გახლავთ ის, რომ ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათ მიერ არჩეულ გამოცდაში და იმ სავალდებულო სამ გამოცდაში, რომელიც არის დადგენილი. სახელმწიფო გრანტი კი 6 000-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა”, – განაცხადა ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას. 

 

გამოცდების წარმატებულად ჩაბარება აბიტურიენტებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა.

 

“ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას. გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არ გადაუხვიოთ არჩეულ გზას და მიაღწიეთ დასახულ მიზანს თქვენი ოჯახების და ქვეყნის საკეთილდღეოდ!”- ნათქვამია  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.  

 

ირაკლი ღარიბაშვილი თავის  მილოცვაში ამბობს, რომ მთელი მთავრობისთვის და პირადად მისთვის განათლება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

“თქვენს ცხოვრებაში ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი – თქვენ უნდა მიიღოთ ცოდნა და განათლება და ამასთან ერთად უნდა ჩამოგიყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გარეშეც შეუძლებელია, ნამდვილ მოქალაქედ იქცე. განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს. მთავრობა კი მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს სწავლასა და განვითარებაში”.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 36 000 – მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა კი 40 000-ს აჭარბებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი