ახალი ამბები

ლარსის გამშვებ პუნქტთან თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს

23 აგვისტო, 2014 • • 958
ლარსის გამშვებ პუნქტთან თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები მიმდინარეობს

უწყების ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა დარიალის ხეობაში გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად დაზიანებულია 2 კმ გზის მონაკვეთი, საიდანაც 800 მეტრის გაწმენდა უკვე მოხერხდა.

 

“ამ დროისათვის სამუშაოები 1200 მ-ზე, ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. თერგმა არსებული გზის საფარს  საფუძველი გამოაცალა, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები.  მას შემდეგ, რაც მოხერხდება თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნება,  დაიწყება გზის საფუძვლის აღდგენითი და  მოწყობის სამუშაოები. დღესვე დაიწყება ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდითი სამუშაოები”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. 

 

20 აგვისტოს, გვიან ღამით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ–ზე მეწყერი ჩამოწვა. ეს უკვე მეორე მეწყერია ბოლო სამი თვის განმავლობაში. ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი, ჩაიკეტა დარიალის ხეობა და ჰესის გვირაბი. სტიქიის შედეგად ორი ადამიანი დაიკარგა, ერთ-ერთ მათგანს ამ დრომდე ეძებენ. 

 

ფოტო: რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ფოტო: რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი