ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური “ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა” და სხვა ორგანიზაციებს ამოწმებს

22 აგვისტო, 2014 • • 1028
საგამოძიებო სამსახური “ეროვნულ სკრინინგ ცენტრსა” და სხვა ორგანიზაციებს ამოწმებს

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, ეს ორგანიზაციებია: შპს “სპორტის სასახლე”, აიპ “ეროვნული სკრინინგ ცენტრი”, შპს “გლდანის საცურაო აუზი”, შპს “ჰერმესი”, შპს “თბილისის პორტალი”, შპს “მშენებელი 6”, შპს წყალთა სახეობის ცენტრი “ტონუსი”, აიპ “თბილისის მეტროპოლიის განვითარების სააგენტო, შპს “უძრავი ქონება თბილისი” და შპს “ლოგოსი”.

 

ორგანიზაციების შემოწმების წინადადებით ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თბილისის მერიამ მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერიაში ნახეს ამ ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაცია, რითაც დასტურდებოდა, რომ “გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება, პრემიები გაიცემოდა. მათ შორის გაიცემოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად აღარ მუშაობდნენ და აღარ საქმიანობდნენ ამ ორგანიზაციებში”.

 

დავით ნარმანიას თქმით, ეს ორგანიზაციები თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ და მოგებას ხელოვნურად ამცირებდნენ.

 

“ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც, ჩემი აზრით, არის არამიზნობრივი და როცა ასეთი ტიპის ხარჯების გაწევა ხდება, რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში მცირდება ხელოვნურად კომპანიის მოგება და კომპანიას ჭირდება მეტი დოტაციები ბიუჯეტიდან. გაუაზრებლად მაღალი ტარიფები, მიწის უაზროდ და უკანონოდ ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრდეს და მომსახურება საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ნორმალური ფორმით,”– თქვა თბილისის მერმა.

 

თბილისის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებენ, რომ დავით ნარმანია საგამოძიებო სამსახურს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.

 

“ცალსახაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა თბილისის მერიაზე არაფერ კავშირშია მათ მიმდინარე საქმიანობასთან და ის მხოლო და მხოლოდ უკავშირდება იქ მომუშავე ადამიანების დაშინებას და იძულებას, ასევე თბილისის ახალი მთავრობის სრული უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რომ რაღაც კეთდება,” – ნათქვამია საკრებულოს უმცირესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გამოძიება თბილისის მერიის ორგანიზაციების წინააღმდეგ 20–21 აგვისტოს დაიწყო და სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) 218 მუხლის (გადასახადისათვის თავის არიდება) მიხედვით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი