ახალი ამბები

ლევან იზორიას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედებაში სდებენ ბრალს

22 აგვისტო, 2014 • • 1343
ლევან იზორიას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოქმედებაში სდებენ ბრალს

“იმედის” ინფორმაციით, დღეს, 22 აგვისტოს “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს რაიონის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს. ტელეკომპანიის ცნობით, ვიდეოზე ასახულია, რომ  ჩხოროწყუს საკრებულოს ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარის შვილი დავით იზორია კოალიციის შტაბის წევრებს და გამგებლობის კანდიდატს ყელის გამოჭრით ემქურება. ტელევიზიის განმარტებით, დავით იზორია შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ბიძაშვილია:

 

“ამის უკან დგას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია,” – ამბობს კორნელი წურწუმია, “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარე. 

 

“პარადოქსული ვითარება, რაც ჩხოროწყუში შეიქმნა, უნდა გაირკვეს, როგორ, რანაირად, რა ვითარებაში მოხდა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი აღმოჩნდა დამარცხებული, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა “ოცნების” მოწინააღმდეგეებს,”– ამბობს ანზორ სიჭინავა, კოალიციის წევრი. 

 

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე დაზმირ დარსალია კი უარყოფს ჩანაწერის ავთენტურობას და ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. 

 

 

კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით იზორია ადმინისტრაციული წესით 2014 წლის 2 ივნისს დააკავეს.

 

დაკითხვის ოქმის მიხედვით, ის უარყოფს, რომ შტაბის რომელიმე წევრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: “არც ერთი შტაბის წევრებისთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მე უბრალოდ უმისამართოდ დავიგინე იმ პირების მისამართით, რომლებიც ჩემი ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამაჩემს ვალერი იზორიას აუგად მოიხსენიებდა”.

 

როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს შტაბის უფროსის, კობა ჯიქიასა და დავით იზორიას დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, დავით იზორიას მამა ვალერ იზორია სოფელ კირცხში კენჭს საინიციატივო ჯგუფიდან იყრიდა.

 

“ქართული ოცნების ჩხოროწყუს შტაბის წარმომადგენლები, კორნელ წურწუმია და გოგი სორდია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აცხადებდნენ, რომ იზორიების კლანი უნდა მოვსპოთო, რაც იყო ჩემთვის შეურაცხმყოფელი და რამაც გამაბრაზა, ვინაიდან მამაჩემი პატიოსანი ადამიანია და არასდროს არავის აუგად არ მოუხსენებია,”– ნათქვამია დავით იზორიას ჩვენებაში.

 

 ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით იზორია დარბაზიდან 2 ივნისს გაათავისუფლა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი