ახალი ამბები

მინისტრი დარიალის სტიქიაზე: ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად გვირაბის პროექტირებას ვგეგმავთ

22 აგვისტო, 2014 • • 1127
მინისტრი დარიალის სტიქიაზე: ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად გვირაბის პროექტირებას ვგეგმავთ

 

“06:00 საათზე განახლდა სამუშაოები. საჭირო ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული. დაახლოებით 600 მეტრი უკვე გაწმენდილია. მასალის შემოტანა და გზის ნიშნულზე მოყვანაც დაიწყება. აგრეთვე გამაგრებით სამუშაოებს ვაწარმოებთ. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სამუშაოების დასრულებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2 კვირა მაინც იქნება საჭირო. მინიმუმ 2 კვირა იქნება საჭირო იმისათვის, რომ გზა გავხსნათ”, – განაცხადა შავლიაშვილმა.

 

21 აგვისტოს დევდოარკის ხეობაში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. 

 

მეწყერი დარიალის ხეობაში მანამდე 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია თავიდან იქნას აცილებული? – ამ შეკითხვას მინისტრი ასე პასუხობს:

 

“ეს სიტუაცია თავიდან რომ ავიცილოთ, ვგეგმავთ, რომ გვირაბის პროექტირება დავიწყოთ, რომელიც ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, მოხსნის. საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი იქნება, მაგრამ ეტაპობრივად ალბათ განვახორციელებთ”, – განაცხადა შავლიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი