ახალი ამბები

ორი ღვარცოფი სამ თვეში დარიალის ხეობაში

21 აგვისტო, 2014 • • 7313
ორი ღვარცოფი სამ თვეში დარიალის ხეობაში

20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა, ეს ის ადგილია,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.


ამ დროსათვის სამშველო სამსახური ორ ადამინს ეძებს,  რომლებიც სტიქიის ზონაში დაიკარგნენ.

 

გარემოს დაცვის სამინისტროში 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროსაც და დღესაც აცხადებენ, რომ სტიქიური უბედურება “დარიალჰესის” მშენებლობას არ უკავშირდება.  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჩამოწოლილი მასა მაისში მომხდარი სტიქიის დროინდელი მასალაა, რომელიც უხვი ნალექის შედეგად დაიძრა:

 

“არავითარი კავშირი “დარიალჰესის” მშენებლობას დევდოარკის ღვარცოფთან არ აქვს.  მშენებარე ჰესი მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. რაც შეეხება დევდორაკს, ეს არის მარცხენა შენაკადი. ღვარცოფი, რომელიც ჩამოყალიბდა 17 მაისს, 11-ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული “დარიალჰესიდან”. 17 მაისის სტიქიის დროს ჰესის სატრანსპორტო გვირაბმა ძალიან დადებითი როლი ითმაშა, ამ გვირაბმა გაატარა ქვა–ღორღოვან–ყინულოვანი მასა. მდინარე თერგის შეგუბება იმ მასშტაბებით არ მოხდა წყალსაცავის ქვედა დინებაში. ის, რომ ამ მშენებლობამ ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ღვარცოფულ მოვლენებზე და პროვოცირება მოახდინა, ეს გამორიცხულია. არ ყოფილა იმ დონის ტექტონიკური ძვრები. ”,– განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილიც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა დარიალის ხეობაში სტიქიის მიზეზი ვერ გახდებოდა, თუმცა, მისი აზრით,  დევდორაკის ხეობა რისკის ზონაა და ამ ტერიტორიზე ჰესის მშენებლობა ადამინების სიცოცხლეს მუდმივად შეუქმნის საფრთხეს:

 

“მდიანრე დევდორაკის მყინვარიდან, ადრე თუ გვიან, 5–10 წელიწადში მაინც მოხდებოდა ზვავების ჩამოწოლა, ღვარცოფები, მეწყერები. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს ბრალია , როცა ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესში არ თქვა, რომ ამ ტერიტორიაზე ჰესის აშენება არ შეიძლება. ეს არის საშიში იმ  ადამინების სიცოცხლისათვის, ვინც ჰესზე იქნება დასაქმებული და ასევე ეკონომიკურ მოგებას ვერ მოუტანს ინვესტორს, რაც უწერია ბიზნესგეგმაში,  ვინაიდან მუდმივად იქნება სტიქიის საფრთხის ქვეშ ეს ენერგოობიექტი”,- ამბობს მაჭარაშვილი.

 

17 მაისს დარიალის ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 7 ადამინი იმსხვერპლა. 5 გარდაცვლილი ნაპოვნია, ხოლო ორი ამ დრომდე უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება.  20 აგვისტოს სტიქიის შედეგად კი ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს.

 

შესაძლებელი იყო თუ არა 17 მაისის ღვარცოფის შემდეგ მოსალოდნელი სტიქიის პროგნოზირება და უნდა შეჩერებულიყო თუ არა “დარიალჰესის” მშენებლობა დროებთ მაინც?- ამ შეკითხვებზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი პასუხობს, რომ სტიქიის პროგნოზირება შეუძლებელი იყო:

 

“მსგავსი ტიპის ღვარცოფების თუ მეწყერების ჩამოყალიბებისთვის ყველა ღვაცოფული წყალსადინარი, ეს ხევი იქნება თუ მდინარე, მათ შორის დევდოარკიც, პერიოდული აქტივიზაციით ხასიათდება. ეს აქტივიზაცია, ოდესღაც შეიძლება ციკლურობას ემორჩილებოდა, მაგრამ დღეისათვის პრაქტიკულად არანაირ კანონზომირებას არ ემორჩილება. შეუძლებელია პროგნოზირება. ჩვენ ვიცით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი, მაგრამ დროში ამის განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია”,- ამბობს ის.

 

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლის, ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, დარიალის ხეობაში 17 მაისის შემდგომ სტიქიის განმეორება მოსალოდნელი იყო:

 

“შეიძლება ვერ ეთქვათ, რა დროში მოხდებოდა სტიქია. ის, რომ მოხდებოდა, თავისთავად ცხადი იყო.  17 მაისს,  როცა მასა მოწყდა მყინვარიდან, დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრი მიწა ჩამოვიდა. მთის  ძირამდე ჩამოაღწია ერთმა მილიონმა კუბურმა მეტრმა  და დროთა განმავლობაში დანარჩენიც წამოვიდოდა, რადგან ამ მიწის მასის გამოტანა ტექნიკით შეუძლებელია”. – ამბობს ის.

 

მისივე თქმით, 17 მაისის სტიქიის შემდეგ “დარიალჰესის” მშენებლობა ან უნდა შეეჩერებინათ, ან ობიექტის დროებით დაკონსერვება მომხდარიყო:

 

“საინტერესოა, რას აპირებენ? რაღაც პერიოდულობით უნდა გაწირონ ადამინები, რომლებიც ამ ჰესზე მუშაობენ? თანაც პროექტი ვერ იქნება ეკონომიკურად მომგებიანი:  ჰიდროელექტროსადგური რამდენ დენს გამოიმუშავებს და რამდენ ეკონომიკურ მოგებას მოიტანს, ეს არის დამოკიდებული მდინარის ჩამონადენზე. ანუ, რამდენად სუფთა წყლი იქნება მომარაგებული. რაც უფრო მეტი ნატანი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ნაკლებ დენს გამოიმუშავებს ჰესი.”  

 

“დარიალჰესის” პროქტის შეჩერების ან დაკონსერვების  შესახებ დღეს არც მთავრობას და არც ინვესტორს არაფერი უთქვამს . პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურებით სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. მალე გახდება ცნობილი დარიალის ხეობაში 20 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ფინანსური ზარალი.

 

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე მიმდინარე ჰესის მშენებლობას გარემოსდაცმველი ორგანიზციები უკვე წლებია აპროტესტებენ. 2012 წელს ყაზბეგის რაიონ სოფელ გერგეთში ორგანიზაციამ ”მწვანე ალტერნატივა” და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სტეფანწმინდა”  აქციაც გამართეს. ისინი ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამბობდნენ, რომ ამ მშენებლობას გარკვეული ნეგატიური ცვლილებების გამოწვევა შეეძლო.

 

21 აგვისტოს, მეწყერი დევდოარკის ხეობაში გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. მაშველები სტიქიის შედეგეად ორ დაკარგულს ეძებენ.
21 აგვისტოს, მეწყერი დევდოარკის ხეობაში გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. მაშველები სტიქიის შედეგეად ორ დაკარგულს ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი