ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზიზ ტამოიანი: არცახში 200 იეზიდი ოჯახი დასახლდება

21 აგვისტო, 2014 • 1774
აზიზ ტამოიანი: არცახში 200 იეზიდი ოჯახი დასახლდება

 

სომხეთში იეზიდების სათვისტომოს ხელმძღვანელის აზიზ ტამოიანის ინფორმაციით, იეზიდების მსოფლიო კავშირს გადაწყვეტილი აქვს არცახში (მთიანი ყარაბაღი) 200 იეზიდი ოჯახი დაასახლოს, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყში მასობრივ დევნასა და შევიწროებას განიცდიან. ტამოიანის ინფორმაციით, არცახის ხელისუფლებამ იეზიდი ოჯახების მიღებისა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.


“სომხეთში მცხოვრებმა იეზიდებმა უკვე დაიწყეს იმ სახსრების მოძიება, რაც ამ ოჯახების სამგზავრო ხარჯების დაფარვას დასჭირდება”, – განაცხადა ტამოიანმა.


“არმინფოს” ინფორმაციით, მანამდე მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა დავიდ ბაბაიანმაც განაცხადა, რომ არცახი მზად არის მიიღოს იეზიდები ერაყიდან.


ინტერნეტგამოცემა “ბაკუპოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ყარაბაღის ტერიტორიაზე იეზიდი ოჯახების დასახლების საკითხს აზერბაიჯანში ერაყის საელჩო გამოეხმაურა. საელჩოს განცხადებით, სანამ აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის პრობლემას არ დაარეგულირებენ, ერაყი თავისი მოქალაქეების მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლის  წინააღმდეგია.


“ჩვენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ. ნებისმიერი ვიზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ოფიციალური ბაქოს ნებართვის გარეშე უკანონოა. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ შორის ქურთ-იეზიდებს, რომ თავი შორს დაიჭირონ როგორც კონფლიქტისგან, ასევე, კონფლიქტის ზონიდან” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


“კარგი იქნებოდა, იეზიდებს გაუჩნდეთ კითხვა, რატომ ეპატიჟებიან საცხოვრებლად არა სომხეთში, არამედ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – წერს “ბაკუპოსტი”.


ჩრდილოეთ ერაყში იეზიდების დახმარების მოთხოვნით სომხეთში მცხოვრებმა 400-მდე იეზიდმა 14 აგვისტოს ერევანში საპროტესტო აქცია გამართა.


ერაყში ვითარების გამწვავებამდეც სომხეთში მცხოვრები იეზიდები ხშირად აყენებდნენ ერაყში მცხოვრები მათი თანამემაულეების დევნისა და შევიწროვების საკითხს. დღეს სომხეთში 50 ათასამდე იეზიდი ცხოვრობს.


სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014
სომხეთში მცხოვრები იეზიდების აქცია ერევანში, მთავრობის სახლთან, 14/08/2014


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი