ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სტიქიის ზონაში შექმნილია საგანგებო შტაბი და შეყვანილია ტექნიკა

21 აგვისტო, 2014 • • 1172
ღარიბაშვილი:  სტიქიის ზონაში შექმნილია საგანგებო შტაბი და შეყვანილია ტექნიკა

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე წინა მეწყერის დროს:

 

– “ღამით დარიალის ხეობაში ინტენსიურ წვიმას და ღვარცოფს კვლავ მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლა და სამწუხაროდ, გაუჩინარებულია 2 ადამიანი, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებზე, გვირაბში მუშაობდნენ. საბედნიეროდ, ამუშავდა წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანების დროული ევაკუაცია. ჩემი დავალებით, მთავრობის წევრები წუხელვე ჩავიდნენ სტიქიის ზონაში. ადგილზე იმყოფება 4 მინისტრი – ჭიკაიძე, ხოკრიშვილი, შავლიაშვილი, ხადური. შექმნილია საგანგებო შტაბი და უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შეყვანილია ტექნიკა. უკვე გაკეთდა დამბა, რაც მდინარე თერგს დაგუბების საშუალებას არ მისცემს. მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა და ზარალის მასშტაბი მალე დადგინდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს:

 

“შექმნილია საგანგებო შტაბი და დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოვახდინოთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. “

 

მეწყერი დარიალის ხეობაში პირველდ 2014 წლის 17 მაისს ჩამოწვა. სოფელ გველეთთან მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

შსს-ს ცნობით, საგანგებო სიატუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალ ჰესის გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის 12 მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან 1 მძღოლი გამოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი