ახალი ამბები

პროკურორი: საპროცესო გარიგების შემთხვევაშიც კი, მელნიკოვი პატიმრობაში დარჩება

20 აგვისტო, 2014 • • 1123
პროკურორი: საპროცესო გარიგების შემთხვევაშიც კი, მელნიკოვი პატიმრობაში დარჩება

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს თავისი მოსაზრებები აქვს ამ საკითხზე, ბრალდებას- თავისი. და თუ მხარეები შეთანხმდებიან, საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდება.

 

“იმის თქმა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, გადაჭრით არ შემიძლია. ხოლო თუ შეთანხმებას მივაღწევთ, თავისთავად დადგება შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ მთლიან საქმეს ეს ნაწილი გამოეყოს. მელნიკოვი აღიარებს ბრალს, ხოლო დანარჩენები არ აღიარებენ. თავისთავად, მიზანშეუწონელია, როცა 4 ბრალდებულიდან 1 აღიარებს, ხოლო 3 არა, ერთად წარიმართოს საქმის წარმოება”, – განაცხადა პროკურორმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

პროკურორი ვარუდობს, რომ საპროცესო შეთანხმება იქნება პატიმრობა.

 

“ვფიქრობ,  რომ პატიმრობა იქნება, საერთოდ გარეთ ვერ გამოვა, შეთანხმება იქნება შემსუბუქებაზე, საერთოდ გარეთ როგორ უნდა გამოუშვა?”- ამბობს ის.

 

დღეს  სასამართლო პროცესსზე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა გაგრძელდა. ბრალდების მხარის შეკითხვას, რა დოზით იყო ინფორმირებული შარდენ ბარში მომხდარის შესახებ და შემდგომ მიმდინარე მოვლენებზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მელნიკოვმა უპასუხა:

 

“ალბათ, ყველაფერი იცოდა. ჩემი აზრით, იცოდა, იმიტომ, რომ ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა მასთან დათა ახალაიას, ტელეფონით საუბრობდნენ. დათა ეუბნებოდა მინისტრს, რომ არ ენერვიულა. ყველაფერი კარგად იქნება. არავინ არაფერს არ იტყვის. იმ ბიჭებზე ლაპარაკობდა, ვინც ციხეში წავიდა”.

 

11 აგვისტოს შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსმა ოლეგ მელნიკოვმა საქალაქო სასამართლოს სანდრო გირგვლიანის საქმეში თავისი ბრალეულობა დაადასტურა.

 

ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. 2013 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში, რა დროიდანაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. 2013 წელს ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

მასალების გადაბეჭდვის წესი