ახალი ამბები

სასულიერი პირები სახელმწიფოს “კაზანტიპის” ფესტივალის შეჩერებისკენ მოუწოდებენ [Video]

20 აგვისტო, 2014 • • 1247
სასულიერი პირები სახელმწიფოს “კაზანტიპის” ფესტივალის შეჩერებისკენ მოუწოდებენ [Video]

 

აქციაზე ასევე შეაგროვეს ხელმოწერები “კაზანტიპის” წინაღმდეგ, რომელიც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე კანცელარიაში შეიტანეს.

 

“მომსწრე გავხდით არნახული დაცინვისა ეკლესიისა და ერისა” – ასე შეაფასა “კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარება აქციის მონაწილემ, დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

 

დეკანოზი მიიჩნევს, რომ ფესტივალის დამაარსებელი, ნიკიტა მარშუნოკი “დასცინის დედაეკლესიას და დასცინის მამებს”.

 

“კაცი იძახის, რომ არის ჯადოქარი, ანუ სატანის მსახური. და ყველაფერს ამას ეს კაცი აკეთებს მარიამობის მარხვაში, ანუ ღმერთის საწინააღმდეგო ქმედებებს აკეთებს. სახელმწიფომ ეს კაცი უნდა გააჩეროს და აუკრძალოს საერთოდ ამ ქვეყანაში ყოფნა,”– ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.

 

“აქ, უამრავი წმინდანის სისხლი არის ამ მიწაზე დაღვრილი. ამაზრზენი არის ასეთი რაღაცების მოწყობა საქართველში”– გვითხრა აქციის ერთ ერთმა მონაწილემ, თინიკო ჯინჭარაშვილმა.

 

დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა კი განაცხადა, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

 

მისი თქმით, საპატრიარქომ ბევრჯერ მიმართა თხოვნით საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია:

 

“პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთი თხოვნა საპატრიარქოსი და პირადად პატრიარქისა, ოფიციალურ თხოვნებს ვგულისხმობ, არ ყოფილა გათვალისწინებული. ეგებ ახლა მაინც მიხვდნენ და გაითვალისწოინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნდობასაც კარგავენ ეს ადამიანები და ეს მოსახლეობაც აღარ ილოცებს მათთვის,”– თქვა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

 

კაზანტიპის საწინააღმდეგო აქცია გააპროტესტა მარიამ წიკლაურმა:  

 

“ამის მეტი გაჭირვება არა აქვს ჩვენს ქვეყანას? ეს გაჭირვება კი არა გონებაჩლუნგობაა.

 

მე დავდივარ ევროპაში, მე ვხედავ ევროპულ ცხოვრებას, ნახევარი აქეთა ვარ, ნახევარი იქით, მაგრამ, აი, ის, რომ კონცერტი ტარდება, იქ არავინ არ აპროტესტებს ამას. და აქ პატარა რაღაცაზე აგორდებიან. რაც საჭიროა, ჩვენ ის გავაპროტესტოთ, რომ გვყავს ამდენი გაჭირვებული, ამდენი ავადმყოფი, ჯანმრთელობის სისტემა თავდაყირა დგას, წამალი არა აქვთ ჩვენს ხალხს, ექიმთან ვერ მივდივართ, აი, ეს გავაპროტესტოთ.”

 

მარიამ წიკლაურის გამოჩენას აქციის მონაწილეები უარყოფითად შეხვდნენ და მას პროვოკატორი და მოგზავნილი უწოდეს.

 

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი  მრევლი შემდეგ  სახელმწიფო კანცელარიის შენობისკენ წავიდა, სადაც პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე “კაზანტიპის” საწინააღმდეგო წერილი შეიტანეს.

 

წერილი საჯაროდ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრმა, ავთანდილ უნგიაძემ წაიკითხა.

 

“კაზანტიპი რომ გარყვნილებაა, ეს ყველა დაინტერესებულმა პირმა იცის. ამისთვის საკმარისია მათსავე საიტზე შესვლა და მათივე კონსტიტუციის, იმ ფოტომასალისა და ვიდეომასალის ხილვა, რასაც თვითონვე აქვეყნებენ და რეკლამირების მიზნით ინტერნეტში ავრცელებენ. კერძოდ, კაზანტიპი არის ნარკომანიის, მამათმავლობისა და დედათმავლობის, მოზარდი თაობის გახრწნისა და სხვა ენით აღუწერელი გარყვნილების სივრცე,”– ნათქვამია წერილში

 

აქციის დასასრულს სასულიერო პირებმა სახელმწიფო კანცელარიის შესასვლელთან პარაკლისი გადაიხადეს.

 

20 აგვისტოს, ზუსტად 21:00 საათზე  ფესტივალი “კაზანტიპი” ოფიციალურად გაიხსნება.

აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ
აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ

 

 

აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ
აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ

მთავრობის კანცელარიაში სასულირო პირებმა პრემიერ–მინისტრის სახელზე წერილი დატოვეს
მთავრობის კანცელარიაში სასულირო პირებმა პრემიერ–მინისტრის სახელზე წერილი დატოვეს

აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ
აქცია პარლამენტთან კაზანტიპის წინააღმდეგ

მსვლელობა პარლამენტიდან მთავრობის კანცელარიისკენ
მსვლელობა პარლამენტიდან მთავრობის კანცელარიისკენ

მასალების გადაბეჭდვის წესი