ახალი ამბები

იმერლიშვილი: მედიაში თავდაცვის შესახებ კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია არ მომხდარა

19 აგვისტო, 2014 • • 1091
იმერლიშვილი: მედიაში თავდაცვის შესახებ კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია არ მომხდარა

თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პრეზიდენტს მთავარსარდლის უფლებამოსილება ეზღუდება. ირინე იმერლიშვილის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას შენიშვნები ჰქონდა, შესაბამისად, მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო პარლამენტში ახალ ვერსიას შეიტანს:

 

“ნამდვილად არ არის არასწორი ინტერპრეტაცია, უბრალოდ, ბევრ სხვა რამეზე იყო ლაპარაკი. კანონპროექტი აპრილშია ინიცირებული, იმის შემდეგ ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა  და, შესაბამისად, გუშინ სამინისტრომ დაადასტურა კიდეც, რომ პროექტის ახალ ვერსიას შეიტანს. სჯობს, შეიტანონ ახალი ვერსია და შემდეგ ვიმსჯელოთ. მე ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიარეს კანონპროექტი  და აღარ არის ის შენიშვნები, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო”,- განაცხადა იმერლიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე მედიის მიერ ხაზგასმას:

 

“ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, რათა ყველა კანონი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. ამაში რას ხედავთ განსაკუთრებულს, არ მესმის. მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. მე მინდა ეს კარგად აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ აუხსენით ეს საზოგადოებას, რომ აქ არ ხდება ერთის უფლებების შეზღუდვა და მეორის გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულებას იზიარებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც. მისი თქმით, აბსურდული და არარეალურია კანონპროექტის მიხედვით პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვაზე აპელირება:

 

“მთავრობასა და პრეზიდეწტს შორის მე ვერ ვხედავ ვერანაირ უთანხმოებას და ის აჟიტირება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, თითქოსდა გარკვეული ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად არარეალური და აბსურდულიც”,- განაცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის აპრილში წარუდგინა, თუმცა მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ამ დრომდე არ მომხდარა. ცვლილებებით თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მთელი რიგი უფლებამოსილებები პრეზიდენტიდან მთავრობის კომპეტენციაში გადადის.

 

“სამწუხაროა, რომ ამ კანონპროექტის ინიციატორი თავდაცვის სამინისტროა. ამ უწყებამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, რომ მათი ვერტიკალი სწორედ პრეზიდენტზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, მთავრობა სამხედრო სფეროში ვერ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება”, – აცხადებს ცენტრის – “მომავლის ინიციატივების” პრეზიდენტი ლევან ალაფიშვილი, რომლის თქმითაც, არასწორია კანონპროექტების კონცეფციის აგება ისე, რომ “ტოტალურად ყველაფერი მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი