საზოგადოება

მიუსაფართა ცხოვრება 40 გრადუსიან სიცხეში “ბრეზენტის” კარვებში [ვიდეო]

19 აგვისტო, 2014 • • 1680
მიუსაფართა ცხოვრება 40 გრადუსიან სიცხეში “ბრეზენტის” კარვებში [ვიდეო]

თავშეფარის მკვიდრი მზია ბაბუნაშვილი მეოთხე კარავში ცხოვრობს შვიდ ქალთან ერთად. კარავში ოთხივე მხარეს საწოლები დგას, შუაგულში კი – მაგიდა.

მაგიდაზე ტელევიზორი და ვენტილატორია. ორივე მზიას მეზობელს ეკუთვნის. ვენტილატორი ჩართულია, თუმცა “ოთახის” მკვიდრებს 40 გრადუს სიცხეში დიდ შეღავათს ვერ უწევს.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 19 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, მზია ამბობს, რომ მის კარავში ახლა ჰაერის ტემპერატურა 60 გრადუსია.

 

იგი კარვის ჩახუთლობას პარკში გასეირნებით შველის. დღის განმავლობაში მზია სარეცხს ირეცხავს, სხვის სახლებს ანაზღაურების სანაცვლოდ ალაგებს, ან შვილებს ელაპარაკება, რომლებიც პანსიონატში ცხოვრობენ.

 

მარინა აზმანიანი, მზიას მეზობელი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია აქ ცხოვრობს, ამბობს, რომ სიცხის გამო საუზმის შემდეგ იძულებულია კარავი დატოვოს.  

 

“აქ ცხოვრება ჯობია გარეთ ყოფნას. მაგრამ საშინელი სიცხეა. ვდგები, ყავას ვსვამ და მერე ძალიან ცხელა – გარეთ გავდივარ”, ამბობს მარინა აზმანიანი.

 

თავშესაფარის ბინადრებს ცხელ ზაფხულში მაცივარი არ აქვთ. სიცხეში ცივ წყალსაც ვერ სვამენ. ხოლო მაცივრი მაგივრობას წყლით სავსე სათლი წევს.

 

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის მცხოვრებლები წყალში აციებენ ღვინოს. 19.08.2014
მიუსაფართა დროებითი თავშესაფრის მცხოვრებლები წყალში აციებენ ღვინოს. 19.08.2014

სიცხის გარდა ბანაკშის მცხოვრებლებს მღრღნელების მომრავლება უშლით ხელს. ნარგიზა თათრიშვილი #7 კარავში ცხოვრობს. ამბობს, რომ გუშინ ვირთხამ უკბინა.

 

“საწოლთნ მივედი, რაღაც უნდა ამეღო. აქ ვირთხის საწამლავი ეყარა. ფეხთან დამეჯახა და ვირთხის ხმა რომ გავიგე, მაშინ დავინახე ფეხზე ნაკბენი”.

 

ჰიგიენის ნივთებით თავშესაფრის ბინადრებს, სახელმწიფოს დაფინანსებით, “კათარზისი’ ამარაგებს. “კათარზისის”, სამედიცინო და საპატრულო პოლიციის სულ 7 თანამშრომელი ყოველდღიურად თავშესაფრის მცხოვრებლებს 2-ჯერადი საკვებით, სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.

 

“ზაფხულში თავშესაფრის მცხოვრებთა რაოდენობამ იკლო. ზოგიერთი სოფელში წავიდა. თუ პირი ერთი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება აქ, ვალდებული ვარ, სიიდან ამოვიღო. თუ პატრული მოიყვანს, ისევ ჩავსვამთ სიაში”, ამბობს ნინო ტოფაძე, “კათარზისის” კოორდინატორი.

 

მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი თბილისში. 19.08.2014
მიუსაფართა დროებითი თავშესაფარი თბილისში. 19.08.2014

თავშესაფარში სულ 175 ადამიანი ცხოვრობს. ზოგ კარავში მხოლოდ ქალები ან კაცები არიან, ზოგიერთში კი – ქალები და კაცები ერთად.

 

დროებითი შავშესაფრის კეთულდღეობაზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ზრუნავს.

სამინისტრო აცხადებს, რომ მოქმედი თავშესაფარი ზამთრის სეზონისთვის შეიქმნა და ადგილზე მოეწყო კვებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ბლოკი, ხოლო ზამთრის გასვლის შემდეგ თავშესაფრის საჭიროება წელიწადის სხვა სეზონზეც გამოიკვეთა.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ აშენდება მიუსაფართა მუდმივი საცხოვრებელი, სადაც მოწყობილი იქნება ყველა სეზონის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

 

პროექტზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუშაობა უკვე დაიწყო. მშენებლობის დასაწყებად საჭირო პროექტი შეიმუშავებულია და ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები.  

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდება კაპიტალური შენობა-ნაგებობა, მოეწყობა კვების ბლოკი, სამედიცინო პუნქტი. მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარეგანათება, პანდუსები. შენობა 240  ბენეფიციარზეა გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი