ახალი ამბები

ლოლაძე: კანცელარიაში ძონძების ადგილი არ არის

19 აგვისტო, 2014 • • 2709
ლოლაძე: კანცელარიაში ძონძების ადგილი არ არის

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ლანა ღვინჯილიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ლოლაძემ შენობაში პიჯაკების დატოვების უფლება არ მისცა: 

 

“სახელმწიფო კანცელარიაში არ შეიძლება ასეთი ნივთების და ძონძების დატოვება. ეს არ არის ძონძების მაღაზია, ეს არის სახელმწიფო კანცელარია” – განაცხადა ნუკრი ლოლაძემ. 

 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პიჯაკები ლანა ღვინჯილიას მანქანაში ჩაალაგეს. 

 

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ მედიასთან განაცხადა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხელით შეეხნენ: 

 

“ეს არის უკანონო გაჩერება, ასევე ხელით შემეხო ეს ადამიანი. არ თქვა, ვინ არის. ცადა ჩემი მანქანაში ჩაგდება. “

 

მთავრობის კანცელარიაში იმყოფება საპატრულო პოლიციის ჯგუფი, რომელიც ინციდენტის დეტალებს არკვევს. 

 

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გააგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი, თუმცა ტანსაცმელი ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.

 

“ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა, ტანსაცმლის ჩაბარების უფლება არ გვაქვს”,- განუცხადეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში. 

 

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,”– ამბობს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლანა ღვინჯილია.

 

მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა:

 

“გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის.”

 

პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად – 7 994,84 ლარი. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი პროკურატურის ინფორმაციით კოსტუმებზე და პალტოზე დახარჯული თანხებია.

 

ნუკრი ლოლაძე
ნუკრი ლოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი