ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

18 აგვისტო, 2014 • • 996
ღარიბაშვილი: ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის  კრეისერ ,,ველლა გალფზე” გამართული საზეიმო მიღების დასრულების შემდეგ გააკეთა.


მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა კატციმ უმასპინძლეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკული კრეისერი დაათვალიერა და საზეიმო მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


„ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის განვითარებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

 

მან აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების, სამართალდამცავი უწყებების მოდერნიზაციისა და სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახური დღითიდღე უახლოვდება მსოფლიოს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტებს.

 

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული დეკლარაციის საფუძველზე შემუშავებულ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ამერიკის  საელჩოს საფრთხეების შემცირების სამსახურმა განახორციელა – საქართველოს გადასცა გემების ამოსაღები ამწე, მიმდინარეობს პირსების, დახურული ნავსადგურის მშენებლობა ბათუმში, მცურავი ერთეულებისათვის შეძენილია სათადარიგო ნაწილები, გემთსარემონტო სახელოსნოში განხორციელდა დამატებითი დაზგა-დანადგარების მონტაჟი და მომზადდა პერსონალი.


2014 წლის 24 ივნისს სადგურ „სუფსის“ ტერიტორიაზე გაიხსნა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ  საქმიანობაში.


„ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით მეგობრობის ფასი და ყოველთვის ვიდგებით მათ გვერდით, ვინც საქართველოს მხარდამჭერი და ერთგულია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი