ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კანონის ცვლილებით არ ხდება პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა

18 აგვისტო, 2014 • • 1066
ღარიბაშვილი: კანონის ცვლილებით არ ხდება პრეზიდენტის  უფლებების შეზღუდვა

ამის შესახებ მან კომენტარი მედიასთან დღეს გააკეთა:

 

“ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, რათა ყველა კანონი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. ამაში რას ხედავთ განსაკუთრებულს, არ მესმის. მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. მე მინდა ეს კარგად აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ აუხსენით ეს საზოგადოებას, რომ აქ არ ხდება ერთის უფლებების შეზღუდვა და მეორის გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ანალოგიური მიდგომა არსებობს უშიშროების საბჭოს მიმართაც.

 

“არავითარ სტრუქტურულ ცვლილებებზე არ არის საუბარი, უშიშროების საბჭოც და ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ფუნქციონირებს ახალი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და თუ რამე გასასწორებელია, ეს შეეხება კანონში ცვლილებას თუ სხვა, ეს არის ტექნიკური საკითხი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

საქართველოს პრეზიდენტს მთავარსარდლის უფლებამოსილება შეეზღუდება, თუკი პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტროა.

 

მთავრობა განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები განპირობებულია 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მთელი რიგი უფლებამოსილებები შეიზღუდა, თუმცა, ამ ცვლილებების მიუხედავად, პრეზიდენტი რჩება სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს სამხედრო მთავარსარდლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი