ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

18 აგვისტო, 2014 • • 1914
სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს დაავადების პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის, ადიგენის, ხაშურის და გორის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ადგილი ჰქონდა ადამიანებში ყირიმ-კონგოს დაავადების გამოვლინებას, მსხვილფეხა პირუტყვს ექტოპარაზიტებზე ამუშავებენ.

 

შესხურების ღონისძიება ინსექტოაკარიციდი ,,ექტოსულე O”-თი მიმდინარეობს და მოსახლეობისთვის უფასოა.

 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება მწვავე ვირუსულ-ზოონოზურ დაავადებათა რიცხვს. ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია და თრომბოჰემორაგიული სინდრომი. წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას.

პირველად დაავადება ადამიანში 1944 წელს ყირიმში დაფიქსირდა. ბუნებაში დაავადების რეზერვუარები არიან თაგვები, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, ტკიპები და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

 

დაავადების წყარო დაავადებული ადამიანი ან ინფიცირებული ცხოველია. ვირუსი უმეტესად გადადის ტკიპების კბენით, მაგრამ შესაძლებელია მისი გადაცემა მოხდეს ინფიცირებული ცხოველის დაკვლით ან ინფიცირებულ სისხლთან და სეკრეტთან შეხებით, ასევე, სამედიცინო პროცედურებით (ინექციები).

 

დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მწყემსები და ცხოველების მოვლით დაკავებული ადამიანები არიან. ყირიმ-კონგოთი დაავადებული ცხოველი აუცილებლად უნდა განადგურდეს უსისხლო მეთოდით. გვამი უნდა დაიწვას და დაიმარხოს, რადგან ცხოველის სისხლი დიდი რაოდენობით ვირუსს შეიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი