ახალი ამბები

შსს: კახა თარგამაძეს შსს-სთვის არ მოუმართავს

16 აგვისტო, 2014 • • 982
შსს: კახა თარგამაძეს შსს-სთვის არ მოუმართავს

“ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საბუთის მოთხოვნით მოგვმართოს სამინისტროს, მაგრამ გადავამოწმე და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კახა თარგამაძეს არანაირი ცნობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს და არანაირი ცნობა შსს-დან კახა თარგამაძის სახელზე არ გასულა”, -აცხადებენ შსს-ში. 

 

დღეს დეპუტატმა  აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივლისს იუსტიციის სამინისტროში შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით განაცხადი შეიტანა. მინაშვილი ამბობს, რომ ერთ დღეში თარგამაძემ იუსტიციის სამინისტროდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან თანხმობა მიიღო, ახლა კი განაცხადი იმავე მოთხოვნით პრეზიდენტის სახელზეა შესული:  

 

“მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პრეზიდენტ მარგველაშვილს, არ ჩაიდინოს ის მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და არ მიანიჭოს მოქალაქეობს კახა თარგამაძეს, ეს არის მოწოდება, ეს არის საზოგადოების ის გამოძახილი, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს იყო დაფიქსირებული და არ დააბრუნოს საქართველო წარსულში. ჩვენ უკვე გავიგეთ ქალბატონი წულუკიანის დამოკიდებულება, კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ მათი სურვილია იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც საქართველო იყო ჩამოშლილი სახელმწიფო. ახლა ჯერი დადგა პრეზიდენტ მარგველაშვილზე, მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა თარგამძისთვის მოქალაქეობის მინიჭება”,- ამბობს აკაკი მინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებას, რაც ვერ მოხერხდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ქეთი დოლაკიძის განცხადებით, ორშაბათამდე ვერ შეძლებენ იმის გარკვევას, მიმართა თუ არა თარგამაძემ გიორგი მარგველაშვილს:

 

“დღეს შაბათია, შესაბამისად, სამსახურში არ ვარ, არც შეხვედრა იყო დაგეგმილი და არ არის სამუშაო დღე.  ინფორმაცია, რამდენად შემოვიდა მიმართვა ამის შესახებ, ჯერ ჩვენ არ ვიცით. ორშაბათს, სამუშაო დღეს დავაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დაგვიკავშირდით, რომ ახლა არაზუსტი ინფორმაცია არ მოგაწოდოთ”.

 

საქართველოს შს ყოფილი მინისტრმა კახა თარგამაძემ  და მისმა მეუღლემ თამილა ჯაფარიძემ რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობაზე უარი 2005 წელს განაცხადეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი