ახალი ამბები

პროკურატურა: სააკაშვილმა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად 399 495 ლარი დახარჯა

16 აგვისტო, 2014 • • 1056
პროკურატურა: სააკაშვილმა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად 399 495 ლარი დახარჯა

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით სულ 673 260 ლარი დაიხარჯა, აქედან უშუალოდ  მიხეილ სააკაშვილის პროცედურებზე კი 399 495 ლარია დახარჯული. პროკურატურა ამ ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზად მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებს:

 

” მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. ბოტოქსისა და ეპილაციის  პროცედურების ჩასატარებლად”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციითვე  სდსს-ის კუთვნილი  8 837 461 ლარის გაფლანგვა, რომლის გამოც ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს, დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით.  

  
პროკურატურა სდსს-ის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად, კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტებსაც აქვეყნებს: წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა “Laser and Skin Surgery Center of New-York”-ში, “The Knightsbridge Laser Clinic”-ში და სხვა კლინიკებში დერამტოლოგიური მკურნალობისთვის, კანთან დაკავშირებული სერვისებისთვის, მეზოთერაპიისთვის და ლაზერული ეპილაციისთვის  სხვადასხვა დროს გარკვეული თანხები დახარჯა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ, 27-ე დოკუმენტში ფიგურირებს ბოტოქსი, რომელიც წითლადაა ხაზგასმული უწყებისვე მიერ:

 

 

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას სიცრუე უწოდა კოსმეტიკურ პროცედურებში დახარჯული თანხის შესახებ პროკურატური მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

 

“სრული სიცრუა, მოკითხეთ ივანიშვილს, სხვათა შორის, იგივე მოუყვა ბიბისის და ბიბისის კორესპონდენტმა სიცილით მითხრა, ასე მითხრა, რომ შენ ბოტოქსს იკეთებო. ვუთხარი, შემომხედეთ სახეზე ახლა და კარგად შეხედეთ მაგის სახეს, ჩვენ ორს შორის კოსმეტიკური პროცედურები ვის აქვს გაკეთებული, ეს არის დღესავით ნათელი. მე ეს არაფერში არ მჭირდება და სრული სიცრუეა, ეს ერთ-ერთი სიყალბეა, რასაც ივანიშვილი აკეთებს”,- განაცხადა სააკაშვილმა. 

 

პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის კომენტარსაც გამოეხმაურა დღევანდელ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ მის მიერ  აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად: 

 

“მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება,  რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან  8 837 461 ლარი  მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია”, – აცხადებენ უწყებაში. 

 

პროკურატურის ცნობით, უწყება მომავალშიც გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი