ახალი ამბები

უკრაინელებმა რუსული ავტოკოლონის შემოწმება დაიწყეს

15 აგვისტო, 2014 • • 1074
უკრაინელებმა რუსული ავტოკოლონის შემოწმება დაიწყეს

რუსეთის სამხედრო მანქანების უკრაინის საზღვართან მისვლის შესახებ წერს “როიტერი”. როიტერის ცნობით, რუსული კოლონა შეჩერებულია, რადგან მოსკოვი და უკრაინა საზღვრის გადაკვეთის პროცედურებზე შეთანხმებას ცდილობენ.

 

რუსეთი აცხადებს, რომ კოლონას 2,000 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი: წყალი, საკვები ბავშვებისათვის და სხვა ტიპის დახმარება აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებლებს უნდა მიაწოდოს, სადაც პრორუსი სეპარატისტები სამთავრობო ძალებს ებრძვიან.

 

“როიტერის” ინფორმაციით, ოფიციალურ კიევს სჯერა, რომ კოლონა შესაძლებელია სამხედრო ინტერვენციისათვის საფარი აღმოჩნდეს. ამ ბრალდებას მოსკოვი “აბსურდულს” უწოდებს.

 

“როიტერი” წერს, რომ ამავე ტერიტორიაზე მისმა რეპორტიორმა ორი ათეული ჯავშანტრანსპორტიორი ნახა, რომელიც კოლონასთან ახლოს ღამით მოძრაობდა.

 

უკრაინელები რუსეთიდან მომავალ ავტოკოლონას ამოწმებენ. 15.08.2014 ©  Reuters
უკრაინელები რუსეთიდან მომავალ ავტოკოლონას ამოწმებენ. 15.08.2014 © Reuters

ჯავშანტრანპოსრტიორების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს “გარდიანი”.

 

სტატიის ავტორის თქმით, სატვირთო კოლონას ასობით მამაკაცი მართავს. ისინი ერთნაირ ხაკისფერ მაისურებში, მოკლე შარვლებსა და კეპებში არიან გამოწყობილი. ჟურნალისტი ამ ფორმის ტარებაში სამხედრო დეტალებს ხედავს.

 

კიევი და ნატო შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან 40,000-ზე მეტი სამხედრო პირის განთავსების შემდეგ შეიჭრება. რუსეთი კი აცხადებს, რომ ის სამხედრო წვრთნებს ატარებს და თავდასხმას არ აპირებს და უარყოფს მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ამბოხებულებს იარაღითა და ფულით უჭერს მხარს,  წერს “როიტერი”.

 

280 გადამზიდისგან შემდგარი კოლონა ხუთშაბათს ღია მინდორში, რუსეთის ქალაქ კამენსკ-შახტინსკისთან, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებით იყო შეჩერებული. ის ამ ადგილას პარასკევს დილამდე რჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი