საზოგადოება

ხანდაზმულთა ბედი საქართველოში

15 აგვისტო, 2014 • • 2689
ხანდაზმულთა ბედი საქართველოში

“27 წლის განმავლობაში შვებულებაში ერთხელაც არ გავსულვარ. სულ ვმუშაობდი. ჩემი სიბერის უზრუნველყოფისთვის ანაბარს ვინახავდი, რომელიც გაქრა და არც არასდროს დაგვიბრუნდება. მწყინს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ჩვენზე. ახლაც ვშრომობ, ჩემი პენსია გადასახადებსაც კი არ ჰყოფნის, რა ოცნებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ? ჩემი ბედნიერება ჩემს შვილსა და შვილიშვილშია”, – ამბობს 65 წლის ცისანა ჟღენტი. პროფესიით ეკონომისტია. 20 წელი ბანკში იმუშავა, 27 კი – სასტუმრო “ივერიაში”. ამ შრომის საფასურად 280 მანეთს იღებდა. რაც, მისი აზრით, “საბჭოთა ბედნიერებისთვის” საკმარისი იყო.


“ერთხელ რიგაში წავედი და იმ დღეებს ვერასდროს დავივიწყებ. სულ ეს იყო ჩემი მოგზაურობა. მეგონა, სიბერე მექნებოდა უკეთესი და ჩემი თავისთვისაც მეტი დრო დამრჩებოდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ასე. ერთი შვილი და შვილიშვილი მყავს, ახლა მხოლოდ მათით ვხარობ”.


ცისანას პენსია კომუნალურ გადასახადებში იხარჯება. ქალიშვილი სტამბულში მუშაობს, შვილიშვილს კი თვითონ უვლის. “ჩემი შვილი ამბობს, რომ ძალიან ლამაზია სტამბული, მაგრამ მე, ალბათ, ვერასდროს ვნახავ”.


აუხდენელი ოცნებების მიუხედავად ის ფიქრობს, რომ მაინც გაუმართლა. მაგალითისთვის კი მეზობელი ქალის ისტორიას იხსენებს: “ერთი შვილი ჰყავს მოსკოვში და წელიწადში ერთხელ ჩამოდის. მკერდის ოპერაცია აქვს გადატანილი, იცით როგორ უჭირს? ერთ თეფშ საჭმელს რომ შევუტან, სიხარულისგან ხელზე მკოცნის. ეჰ, უჭირთ მოხუცებს”.


მერი ძაგნიძე 79 წლისაა. 40 წელი სკოლაში მასწავლებლად იმუშავა. ამბობს, რომ ბედნიერი იყო იმ წლებით, რადგან ახალგაზრდებთან სიახლოვე არასდროს აძლევდა მოდუნების უფლებას:


“ჩვენ საბჭოთა ეპოქაში ცხოვრობდით და ვასწავლიდით, რომ ამერიკაში ეშინიათ ხვალინდელი დღის, რომ იქ ხალხი დატანჯულია და ამას მთელი შეგნებით ვასწავლიდი, არა მხოლოდ პროპაგანდის გამო, მეც მჯეროდა ამის”.


მერი ძაგნიძე ამბობს, რომ ის არ ფიქრობდა ხვალინდელ დღეზე, რადგან დარწმუნებული იყო, ხვალე, მას ბედნიერ სიბერეს მოუტანდა.


“მერე შეიცვალა ცხოვრება. მუშაობას თავი დავანებე. მაინც არ მქონია იმის განცდა, რომ საჭირო აღარ ვარ, სახლის საქმეებით დავიტვირთე და მოსწავლეებიც ავიყვანე მოსამზადებლად. ვალაგებდი სახლს, ვამზადებდი სადილს, ვრეცხავდი და დავდიოდი ბაზარში. დღესაც კი, ამ ასაკში, ყველა საქმეს მე ვაკეთებ. ზამთრის შესანახსაც კი ვამზადებ და ძალიან ბევრს ვშრომობ”, – გვეუბნება ის. 79 წლის ასაკში მას ოჯახის რჩენა და გადასახადების გადახდა უწევს.

“გოგონა გათხოვილია, ბიჭზე მე მიწევს ზრუნვა. მართალია, იმდენს არ ვიღებ, რასაც გავცემ, მაგრამ მათ ვუყვარვარ და ამით ბედნიერი ვარ”, – გვეუბნება მერი.


მერი ძაგნიძე ამბობს, რომ მოგზაურობა ბედნიერებაა, მხოლოდ ერთხელ იყო გემით ოდესაში და ამბობს, რომ ეს დღეები დაუვიწყარია მის ცხოვრებაში: “განა, მე არ მიოცნებია საფრანგეთზე? მაგრამ ასე გავიდა ცხოვრება. ის შეგრძნება, რომ 80-ს ვუახლოვდები, ძალიან ცუდია. არ ვიცი როდის გაფრინდა წლები. ადრე ჩემს თავს არ ვაძლევდი ბევრის უფლებას, მხოლოდ შვილებისკენ მქონდა ხელი, ახლა დავბერდი და სადმე წასვლა აღარ შემიძლია”.


მერის ბედნიერება ქობულეთის ხანდაზმულთა სახლია, სადაც ის ადამიანებთან ურთიერთობის კომპენსირებას ახდენს:


“ერთხელ მკითხეს, – რას გაძლევენ იქ, სულ რომ დადიხარო? სიხარულს მჩუქნიან, სხვა რა უნდა მომცენ-მეთქი. მერე მაგისთვის გცალიაო? ცეცხლი რომ მეკიდოს, ყველაფერს ვტოვებ და აქ მოვდივარ. ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის სითბო. ზოგჯერ ავიწყდები ყველას, ძვირფას შვილიშვილებსაც კი. გულგრილობა ძნელია მოხუცისთვის. ამიტომ მოვდივარ აქ. ვსაუბრობთ, სითბოს ვუზიარებთ ერთმანეთს. ბოტანიკურ ბაღში, დელფინარიუმში რომ გავედით, ბავშვივით ბედნიერი ვიყავი”.


ნუნუ წილოსანიც ქობულეთში ცხოვრობს. სიხარულისა და სითბოს გასაზიარებლად ისიც ხანდაზმულთა სახლს მიმართავს ხოლმე. მას უჭირს ოცნებებზე საუბარი: “ჩემი შვილები ცხრა წელი უმუშევრები იყვნენ. რაც საუკეთესო მქონდა, ყველაფერი გავყიდე. სახლიც გასაკეთებელია. ახლა შვილებმა მუშაობა დაიწყეს და ბედნიერი ვარ. მეტი რა უნდა მინდოდეს”.


არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც გინდათ ცხოვრების ამ მონაკვეთში? – პასუხად ნუნუ წილოსანს ხელის თითები ტუჩებთან მიაქვს და თავის უპრეტენზიობას ამ ჟესტით გამოხატავს: “მე მყოფნის ამ ადამიანებთან ურთიერთობა”.


ნათელა ჟღენტი რამდენიმე წიგნის ავტორია. ლექსების დიდი ნაწილი ბოლო ორ წელში დაუწერია. ნაწილი კი, წინა წლების ნაკრებია: “არ შემიძლია, რომ არ დავწერო, შინაგანი სამყარო მთხოვს და ვწერ”, – გვეუბნება ის. მას ორი შვილი ჰყავს, თუმცა ახლა ის მარტო, საკუთარ ლექსებთან ერთად ცხოვრობს: “შვილი მეუბნება, დედა, შენ უკვე მიეჩვიე მარტოობასო. მარტოობას კი არ მივეჩვიე, მგელი რომ მგელია, ისიც არ ჩერდება ტყეში და ეძებს რაღაცას. მეც ამიტომ ვწერ ლექსებს, რაღაც ახალს ვეძებ, ჩემს სამყაროს ვიქმნი”.


ნათელა ჟღენტის აზრით, ხშირად არც შვილებს ესმით მათი: “ახლა ხაჭაპურს კი შევჭამდი”, – რომ იტყოდნენ, მე წამოვფრინდებოდი და სამზარეულოში გავიქცეოდი. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება დავიღალო, ვერ გავუკეთო რაღაც, ვერ შევასრულო მათი რომელიმე სურვილი. ამდენ ფაცი-ფუცს ჩვენი ასაკი ვეღარ იღებს. დინამიური, მოუწყინარი ცხოვრება მქონდა. წარმატებული ვიყავი და შრომის მედალიც მომცეს. ახლაც თითქმის არ მძინავს, სულ რაღაც მინდა, რომ ვაკეთო. არსებობენ ადამიანები, რომლებიც სავარძელში ზიან და ტელევიზორის წინ ატარებენ ცხოვრებას. მე ასე მოვკვდებოდი, ალბათ. ბარს ვამუშავებ და ხეებს ვრგავ, მიხარია, რომ ჩემი დარგული იკვირტება”.


ნათელა ჟღენტი პოეტ ანდრო თევზაძესთან საუბარს იხსენებს: “იცით, ყველაფერი მაქვს თითქოს, ოჯახი, სამსახური, მყავს კარგი მეუღლე, მაგრამ სულ უკმაყოფილო ვარ-მეთქი, – ანდროს ვუთხარი. ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის მარტო რჩებიან, რადგან იმას არ იღებენ, რასაც ცხოვრება სთავაზობსო. ამიტომ, ვერც შენ იქნები ბედნიერიო, მითხრა”.


სამოგზაუროდ ერთხელ იყო ჩინეთში და შემდეგ თურქეთში. მისი აზრით, მოგზაურობა აუცილებელია ადამიანისთვის, რომ მოწყდეს რუტინას: “ამასწინათ გაეროს კითხვარი შევავსე და იქ ჩავწერე, ძალიან მინდა ხანდაზმულებს ერთი მიკროავტობუსი გვქონდეს, რომ კვირაში ერთხელ სადმე წავიდეთ-მეთქი”.


ახლა ნათელა ჟღენტი ორ ოპერაციას ელოდება: “მეუბნებიან, ამის მერე ყველგან შეძლებ წასვლასო. იცით როგორ მინდა იტალიის ნახვა? საფრანგეთის, საბერძნეთის… მძიმე წლებში ვიცხოვრე, გავიარე ომის წლებიც. მაღაზიებში პური რომ გამოჩნდა, საოცრება იყო. მეუბნებოდნენ ახლა წვალობ, მაგრამ სიბერეში გადაიდებ ფეხს ფეხზე და ტკბილად იცხოვრებო. არ ყოფილა ასე. თუმცა, მე კიდევ არა მიშავს, 90 პროცენტი მოხუცების წნეხში ცხოვრობს. რამდენი მეზობელი მყავს, სადაც მოხუცებს ქვაბიდან საჭმლის ამოღების უფლებასაც კი არ აძლევენ. თუ რაიმეზე იტყვიან მინდაო, პასუხად ესმით, – არ გჭირდება, ახლა არ გინდა. იძულებული არიან ისე იცხოვრონ, როგორც სხვას უნდა. განა ეს არ არის მათი უფლებების დარღვევა?”


სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრება გაუარესებულია. ხანდაზმული ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ოჯახში.


“ისინი არ ჩანან, სახლიდანაც არ გამოდიან. უცხოეთში ხედავ მოხუცებს, რომლებიც სეირნობენ, არიან კაფეებში, ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით. იგივე ბათუმში, როცა გემი მოადგება ნაპირს, ძირითადად ჩამოდიან მოხუცი ადამიანები, ისინი ისვენებენ, მათთვის სამყარო ღიაა, რაც არ შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ მოხუცებს, განსაკუთრებით ქალებს. საქართველოში ქალი თუ ბებია გახდა, მიიჩნევა, რომ მან შვილიშვილით უნდა იცხოვროს. ეს დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს”, – ეს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას სიტყვებია, რომელიც მან “ბათუმელებთან” ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.


2010 წლიდან ხანდაზმულთა უფლებებზე აქტიურად მუშაობს გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტი. ქობულეთის ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელი ტატიანა სირაძე კი ამბობს: “ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მრავალი ხანდაზმული ადამიანისთვის დარჩენილი ცხოვრება იყოს არა სიცოცხლის დასასრული, არამედ სრულფასოვანი ცხოვრების კანონზომიერი ეტაპი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი