ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა

14 აგვისტო, 2014 • • 1654
მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ამის თაობაზე დადგენილება მოამზადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა. სააკაშვილს ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ. 

 

მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც  მასზე ძებნა გამოცხადდა. 

 

“გამოაცხადეს შიდა და არა გარე, იმიტომ, რომ მთავარია, ქვეყანაში არ ჩამოვიდე,”- ასე გამოეხმაურა სააკაშილი მისთვის ბრალის წარდგენას “რუსთავი 2–ის” ეთერში საუბრისას.

 

2 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეოჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს

 

სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინა ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას.

 

მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი