ახალი ამბები

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ნატოს სამიტზე ისაუბრეს

14 აგვისტო, 2014 • • 1006
საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა ნატოს სამიტზე ისაუბრეს

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ტომას ჰენდრიკ ილვესს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ესტონეთი საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს.

 

მათივე ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატოს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება.

 

“მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის და  სამიტის მთავარ დოკუმენტში მკაფიოდ უნდა აისახოს ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებაა როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში”, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მათივე ინფორმაციით, პირველმა პირებმა საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხებიც მიმოიხილეს და ყურადღება დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

 

“ტომას ჰენდრიკ ილვესმა, როგორც საქართველოს ძლიერმა მხარდამჭერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ნატო-ს სამიტის კონტექსტში გამოხატა დაინტერესება იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყველა ის გზავნილი,  რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება,”– აღნიშნულია პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

 

პრეზიდენტებმა  უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სწორედ 2008 წლის გაგრძელებაა.

 

“აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით განაცხადა, რომ  ეს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემას. მისი თქმით, ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩაბმულობა და ძალისხმევა სჭირდება”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი