ახალი ამბები

სააკაშვილი: 8 მილიონის უმიზნოდ დახარჯვას მაბრალებენ, ეს ჩვეულებრივი სიყალბეა

14 აგვისტო, 2014 • • 935
სააკაშვილი: 8 მილიონის უმიზნოდ დახარჯვას მაბრალებენ, ეს ჩვეულებრივი სიყალბეა

“როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ლიდერებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვისგან ვერაფერი შეაჩერებს. უზომოა მათი შურისძიების წყურვილი და სურვილი ასიამოვნონ თავისი რუსი მეგობრები.

 

თავდაპირველად მილიარდების მოპარვა დამაბრალეს, მას შემდეგ კი, რაც ვერც ერთი მითვისებული თეთრი ვერ იპოვეს, ახლა 8 მილიონის უმიზნოდ დახარჯვას მაბრალებენ და ცდილობენ ფაქტების ფაბრიკაციით დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა. ეს ჩვეულებრივი სიყალბეა, რომელსაც ზოგიერთი მოჩვენებითად ობიექტური ადამიანი განცხრომით იჯერებს, ისევე როგორც ბოლო წლებში დაიჯერა ბევრი ასეთი აშკარა სიცრუე”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ, 8 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ეს თანხები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის განკარგულებით საიდუმლო გრიფით იხარჯებოდა პირადი მიზნებისთვის.

 

“მათი ფანტაზია და ფიზიკური სწრაფვა სამართლებრივი დევნისკენ სასაცილოც კი იქნებოდა, რომ არა ის გარემოება, რომ ამჟამად ეს ხალხი წყვეტს ჩვენი საქართველოს ბედს. მაშინ, როცა მოძმე უკრაინის მხარდაჭერაზე დემონსტრაციულად ამბობენ უარს, მთელ ძალისხმევასა და რესურსს ქართველი პატრიოტების სამართლებრივ დევნასა და დაპატიმრებაზე ხარჯავენ. მათ საქციელს ისტორია განსჯის, მანამდე კი ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი მიუჩენს მათ თავის ადგილს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი