ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მინისტრის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

14 აგვისტო, 2014 • 1161
აზერბაიჯანში სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მინისტრის გამამტყუნებელი განაჩენი  ძალაში დატოვა

ნიჯატ გულიევი 2013 წლის 8 აგვისტოს იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გულიევმა მისთვის წაყენებული ბრალდება უარყო და პროტესტის ნიშნად უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. 2014 წლის 2 აპრილს აფშერონის რაიონულმა სასამართლომ გულიევს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

როგორც “კავკაზსკი უზელ”-ს გულიევის ადვოკატმა აფგან მამედოვმა განუცხადა, სუმგაითის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვა დღეს დასრულდა. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და წინა ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აზერბაიჯანის უზენაეს სასამართლოში აპირებს.


აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს შენობა,      ფოტო: radioazadlyg.org
აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს შენობა, ფოტო: radioazadlyg.org

 

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება გულიევის უფლებების დარღვევით მიმდინარეობდა. დაკავებულთან არ უშვებდნენ ნდობით აღჭურვილ ადვოკატს. მისი თქმით, დარღვევით განხორციელდა გულიევის დაკავებაც.

 

“ნიჯად გულიევი გასული წლის 7 აგვისტოს ნოვხანის დასახლებაში, მისსავე სააგარაკე სახლთან ახლოს მაღაზიაში დააკავეს, საიდანაც პირდაპირ ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში წაიყვანეს ისე, რომ არ მისცეს უფლება სახლში შესულიყო და ახლობლები გაეფრთხილებინა. შემდეგ აგარაკზე მოაწყეს ჩხრეკა, ამოიღეს დოკუმენტები, კომპიუტერები, ფოტოები და ვიდეოკასეტები, რომლებიც ნიჯატ გულიევისა და მისი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას შეეხებოდა. ამოიღეს ასევე რკინის სეიფი”, – განაცხადა მამედოვმა.

 

“კავკაზსკი უზელ”-ი წერს, რომ ბრალდების მხარე კომენტარისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

 

გულიევის საქმესთან დაკავშირებით, უფლებადამცველი რასულ ჯაფაროვი, რომელიც ამ დროისთვის თვითონაც პატიმრობაში იმყოფება, აცხადებდა, რომ ყოფილი მინისტრის დაკავებას შესაძლოა პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონოდა. ჯაფაროვი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ყოფილი მინისტრი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააპატიმრეს.

 

“კავკაზსკი უზელ”-ის ინფორმაციით, გულიევი იმ 98 ადამიანის რიცხვში შედის, რომლებიც აზერბაიჯანის სამოქალაქო აქტივისტება პოლიტპატიმრებად აღიარეს.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   


მასალების გადაბეჭდვის წესი