ახალი ამბები

“ფრთხილად, ამ შენობაში საქართველოს მოღალატეა” [Video]

13 აგვისტო, 2014 • • 1084
“ფრთხილად, ამ შენობაში საქართველოს მოღალატეა” [Video]

ამ აქციას “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ქართულ–რუსული ურთიერთობების ხელშეშლის სურვილით ხსნის, ხოლო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს არნახულად გააქტიურდნენ პრო-რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსული პოლიტიკის გატარებას და საქართველოს დამოუკიდებლობას უქმნიან საფრთხეს.

‘იდენტობამ’ გაავრცელა ფოტომასალა, რომელიც ასახავს თბილისში, “ევრაზიის ინსტიტუტისა” და “ერეკლე მეორეს საზოგადოების” გარე ფასადებზე პარტიზანულად განთავსებულ ფოტოებსა და მოწოდებებს

 

13 აგვისტოს ორგანიზაცია “იდენტობამ” გაავრცელა ფოტომასალა და ტექსტი, თუ რატომ განთავსდა ანონიმი აქტივისტების მიერ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების შენობებთან მსგავსი წარწერები:

 

“აქციის ავტორების თქმით, რომლებიც ამ ეტაპზე ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, საქართველოში არნახულად გააქტიურდნენ პრო-რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსული პოლიტიკის გატარებას და საქართველოს დამოუკიდებლობას უქმნიან საფრთხეს. ამიტომ, 2014 წლის 13 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 6 წლის შემდეგ, მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა ორი ასეთი პრო-რუსული ორგანიზაციის, “ევრაზიის ინსტიტუტისა” და “ერეკლე მეორეს საზოგადოების” ოფისების გარე ფასადებთან და მიმდებარე ტერიტორიებზე გამვლელთათვის გამაფრთხილებელი  ნიშნების დატოვება, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს იცოდეს სად აქვთ ასეთ პრო-რუსულ ორგანიზაციებს ბინა დადებული”.

 

“ეს გამოსაძიებელია. ჩვენ არ მოგვადგა ისეთი ზიანი, რომ სასამართლოში ვიჩივლოთ, მაგრამ გამოსაძიებელია, რადგან მათ მართლაც შეიძლება, რომელიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, ან რაიმე კიდევ უფრო მძიმე. ისტორიული შენობაა ეს და საღებავით არის შეღებილი. დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი,”– ამბობს არჩილ ჭყოიძე და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის წოდება არა გმირობა, არამედ ყველაზე დიდი ღალატია. 

 

“ევრაზიის ინსტიტუტი” და “ერეკლე მეორეს საზოგადოება” საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციებია, რომლებიც არიან საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების.

 

 

“სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი კახა გოგოლაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ევროკავშირის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ერთდროულად ევრაზიულ კავშირსა და ევროკავშირში ინტეგრაცია შეუძლებელია. მისი თქმით, ამას პირდაპირ გამორიცხავს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულება და ის საბაჟო პოლიტიკა, რომელიც ევრაზიის საბაჟო კავშირს გააჩნია:

 

 

 

“ეს ხელშეკრულება ნიშნავს, რომ ევროკავშირის საქონელი, რომელიც საქართველოში შემოვა, არ დაიბეგრება, მაგრამ თუ საქართველო ევრაზიის საბაჟო კავშირშიც შევა პარალელურად, მაშინ ევროკავშირის საქონელი უნდა დაიბეგროს ზუსტად ისე, როგორც მას ბეგრავს რუსეთის მთავრობა. ანუ ეს ურთიერთგამომრიცხავია და მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნება ურთიერთგამომრიცხავი, თუ რუსულ საბაჟო კავშირში ევროპიდან შესული საქონელი არ დაიბეგრება, რაც წარმოუდგენელია. მაშინ რუსეთი რაღატომ ქმნის ამ საბაჟო კავშირს?! ქმნის სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირს შეუქმნას საბაჟო ბარიერები მარტო რუსეთში კი არა, არამედ მის გარშემო სხვა ქვეყნებშიც. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მოხდეს ამ ორი რამის შეხამება, თუ  რუსეთი და ევროკავშირი არ გააფორმებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ერთმანეთს შორის? – მაგრამ ამის პერსპექტივა არ ჩანს. პირიქით, რუსეთი ფიქრობს ევროკავშირის იზოლირებას ამ რეგიონიდან და ამაში სხვა მეზობელი ქვეყნების ჩათრევას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი