ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ინფორმაციით, გამყოფ ხაზზე დაძაბულობამ იკლო

13 აგვისტო, 2014 • 1141
მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ინფორმაციით, გამყოფ ხაზზე დაძაბულობამ იკლო

მთიანი ყარაბაღის გარშემო შეიარაღებული ძალების კონფლიქტის ხაზზე, 9 აგვისტოს შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტების კლება შეიმჩნევა. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის და სომხეთის თავდაცვის უწყებებმა განაცხადეს.

 

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ  9-დან 10 აგვისტომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაახლოებით 300-ჯერ დაარღვია, 10-დან 11 აგვისტომდე- დაახლოებით 90-ჯერ, ხოლო 11-დან 12 აგვისტომდე- დაახლოებით  40-ჯერ.

 

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების შემცირებას ადასტურებს ოფიციალური ერევანიც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 9-დან 12 აგვისტომდე სომხურ მხარეს დაჭრილები ან დაღუპულები არ ჰყოლია.

 

მთიანი ყარაბაღის და სომხეთის სამხედრო უწყებების ამ განცხადებებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია, წერს “კავკაზსკი უზელ”-ი.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით 10 აგვისტოს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა, სერჟ სარგსიანმა და ილჰამ ალიევმა განაცხადეს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დარეგულირდეს.


აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე;       ფოტო: Кавказский Узел
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე; ფოტო: Кавказский Узел


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი