ახალი ამბები

ჯანაშია: პრეზიდენტის ხარჯებს გრიფი “საიდუმლო” უშიშროების საბჭომ მიანიჭა

13 აგვისტო, 2014 • • 1146
ჯანაშია: პრეზიდენტის ხარჯებს გრიფი “საიდუმლო” უშიშროების საბჭომ მიანიჭა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს, საბიუჯეტო სახსრების მითვისების და გაფვლანგვის ბრალდებით, ექსპრეზიდენტსა და სდსს-ს ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მოახდენდა, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.

 

“დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

თავად თემურ ჯანაშია “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ  პრეზიდენტის ხარჯების შესახებ ინფორმაციას გრიფი “საიდუმლო” უშიშროების საბჭომ მიანიჭა. 

 

” უშიშროების საბჭომ გამოაგზავნა დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო ხარჯები და თანხა, რაც უნდა დაეხარჯა სამსახურს. სამსახური შესაბამისად ამ საბუთებს აწარმოებდა, როგორც ფარული ხარჯი. განკარგულება იყო საიდუმლო, შესაბამისად, ის ხარჯები, რაც ამ განკარგულების მიხედვით გაწია სამსახურმა, იყო საიდუმლო. ეს იყო პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც უშიშროების სამბჭოში იყო ვიზირებული, სამართლებრივად გასწორებული და გამოგზავნილი ჩემთან სამსახურში. ეწერა  ხარჯების აღწერილობა, რაში უნდა გახარჯულიყო და, შესაბამისად, თანხაც გამოყოფილი იყო ამისთვის” 

 

თემურ ჯანაშია კონკრეტულად არ ასახელებს, რა ტიპის ხარჯი იყო გაწერილი აღნიშნულ განკარგულებაში და ამბობს, რომ “ნებისმიერ ქვეყანას აქვს ასეთი ხარჯები”. 

 

“ეს განკარგულება უნდა ნახოთ, მე თქვენ გეუბნებით, რომ ამ განკარგულების ფარგლებში იყო აბსოლუტურად ყველა დანახარჯი. მე  ვიყავი სამსახურის უფროსი და არა ბუღალტერი. ჩემი ბრალეულობა რაში იკვეთება, ვერ ვიგებ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში და არ უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულება, თქვენ ამას მეუბნებით? ამას იძახის პროკურატურა”- ამბობს ჯანაშია. 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის მიმართ პროკურატური ბრალდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

მასალების გადაბეჭდვის წესი