ახალი ამბები

“მართლმადიდებელთა კრებული” ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს [ვიდეო]

13 აგვისტო, 2014 • • 2521
“მართლმადიდებელთა კრებული” ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვს [ვიდეო]

კრებულის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა წერილი 40 ათს ხელმოწერასთან ერთად დღეს, 12 საათზე შეიტანა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კანცელარიაში. ნანობაშვილს კრებულის რამდენიმე წევრი ახლდა თან.

 

კრებულის წევრები მოითხოვენ, რომ კულტურული მემკვიდრეპბის ძეგლი ანჩისხატი, რომელიც ეროვნული მუზეუმის საგანძურშია დაცული, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდეს.

 

კრებულის წევრები აცხადებენ, რომ ხელმოწერები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ეკლესიაში არის შეგროვილი, რომელსაც ხელს ასევე აწერს 250 მღვდელი. ნანობაშვილი ამბობს, რომ ისინი შუამდგომლობის თხოვნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს მიმართავენ წერილობით.

 

“მთავრობა, რომელიც ერს ანჩისხატს არ უბრუნებს – აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაუბრუნებს?!” ეს მხილება წინა მთავრობის დროს გაისმა და, სამწუხაროდ, დღემდე ძალაშია”, – აცხადებენ კრებულის წევრები,

 

ანჩისხატის ხატი
ანჩისხატის ხატი

“ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის” წევრები ამბობენ, რომ ილია მეორე 1996 წლიდან ითხოვს ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მაკა შავიშვილის თქმით, კულტურის სამინისტრო აღნიშნულ წერილს განიხილავს და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

ანჩისხატი, რომელზეც იესო ქრისტე არის გამოსახული და VI საუკუნით თარიღდება, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

მასალების გადაბეჭდვის წესი