სამართალი

როგორ იძიებენ რეკორდული რაოდენობის ჰეროინის საქმეს

12 აგვისტო, 2014 • 1385
როგორ იძიებენ რეკორდული რაოდენობის ჰეროინის საქმეს

 

როგორ მიდის რეკორდული რაოდენობის ჰეროინის საქმეზე ძიება? ჩართული არიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები ამ საქმის გამოძიებაში? –  ამ კითხვაზე შს სამინისტროში არ პასუხობენ. ერთი კვირის განმავლობაში ტვირთი ყოველგვარი კონტროლის გარეშე რატომ იყო საქართველოში? –  შს სამინისტროში არც ამ კითხვას პასუხობენ (მძღოლები ყვებიან, რომ ერთ-ერთი კასრი გაჭრეს და ხელებს იბანდნენ). უწყების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, შოთა უტიაშვილის აზრით კი, „თუ ინტერპოლი ან FBI ჩაერთვება და ისინი დაიწყებენ მუშაობას მთლიანი ჯაჭვის ასაწყობად, თორემ ასე მარტო ქართველები თავიდან ბოლომდე ამ საქმეს ვერ გახსნიან. ამერიკელები თუ ჩათვლიან, რომ მნიშვნელოვანი ამბავია, მაშინ ჩაერთვებიან“.

 

 

ერთ-ერთი დაკავებული მძღოლის, ევგენი გორგაძის ჩვენების მიხედვით, საქონელი თურქეთიდან გადავიდა ირანში, იქედან აზერბაიჯანში და შემოვიდა საქართველოში. გორგაძემ ძიებას უთხრა, რომ იმავე მარშრუტით მას ტვირთი ოთხჯერ აქვს გატანილი.

 

 

როგორ შემოიტანეს ჰეროინი საქართველოში

 

ბრალდებულისა და გამოძიების ინფორმაციით, ჰეროინი საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოიტანეს. საჭესთან ევგენი გორგაძე იჯდა. გვერდით კი შეზიფ შემიზოხლუ, რომელიც ახლა დაკავებულია, ის ქართველ მძღოლთან ერთად ტვირთს დაყვებოდა. დაკავებულია ასევე გურამ ცეცხლაძე, ესეც მძღოლია, ოღონდ იმ მანქანის, რომლითაც საქართველოდან ტვირთის გატანა იგეგმებოდა. მანქანა, რომელიც მას უნდა ემართა, უკრაინელების მიერ დაფუძნებული ქართული გადამზიდავი კომპანიის საკუთრებაა.

 

 

უკრაინული კომპანიის ხელმძღვანელი მერაბ ლორთქიფანიძე „ბათუმელებთან“ იხსენებს, როგორ დაუკავშირდა მას ახლა უკვე პატიმრობაში მყოფი გურამ ცეცხლაძე, რომელმაც თურქული არ იცის და დაალაპარაკა თურქულენოვან ადამიანს, რომელმაც მას მოლდავეთში თხევადი საპონის გადატანა სთხოვა. ის ბაირამ ჩოშგუნი აღმოჩნდა: „მივედი მის მანქანასთან. მითხრა, რომ მოლდავეთში შესვლის ნება არ ჰქონდა. გახსნა კარები, დამანახა თხევადი საპონი 30-კილოგრამიანი ბიდონებით, სულ 18 ტონა. შევთანხმდით 1000 დოლარს გადაგვიხდიდა. შაბათი იყო. ოთხშაბათს მისი მანქანიდან ტვირთი ჩემს მანქანაში ჩემმა მძღოლმა, მისმა შვილმა და ჩემმა ძმამ გადატვირთეს, სანაცვლოდ ტვირთის მეპატრონემ 150 ლარი გადაიხადა. ხუთი დღის განმავლობაში მე ვხვდებოდი ტვირთის მეპატრონეს, ბათუმში, თბილისის მოედანზე დავტოვე რამდენჯერმე, არც დავინტერესებულვარ ვისთან და სად რჩებოდა. სამშაბათს შეზიფ შემიზოხლუც გამაცნო, მითხრა, რომ მოლდავეთში მას გაგვაყოლებდა, იქ კი კაცი დაგვხვდებოდა“.

 

 

მერაბ ლორთქიფანიძის ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ბათუმში შემოიტანეს, საქართველოს საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე ევგენი გორგაძემ გაიყვანა (მისივე თქმით, თურქეთში იმიტომ ვერ გავიდა, რომ არ ჰქონდა სასწორის ფული და უკან მობრუნდა).

 

 

ხუთშაბათს ადლიის ტერმინალზე ტვირთი ტექნიკური თვალსაზრისით დაათვალიერეს (აქ შერჩევითი პრინციპით ამოწმებენ არის თუ არა ის პროდუქტი, რაც მითითებულია დოკუმენტში). მერაბ ლორთქიფანიძის თქმით, სკანერმა დააფიქსირა, რომ კასრები დოკუმენტებში დაფიქსირებულ რაოდენობაზე (600 კასრი) ერთით ნაკლები იყო (მერაბ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ერთი კასრი საპონი მეპატრონემ ევგენი გორაძეს აჩუქა, რომელიც მერაბ ლორთქიფანიძემ პირადად მიუტანა სახლში), სწორედ ამიტომ სკანერმა „გააწითლა“ ტვირთი, რის შემდეგაც ტვირთის დეტალური შემოწმება დაიწყო. შემდეგი იყო ის, რომ საეჭვო სუნი დააფიქსირეს.

 

 

განსაბაჟებელ საქონელთან გურამ ცეცხლაძე, ედუარდ გორგაძე და შეფიკ შემიზოღლუ იმყოფებოდნენ. იქ არ იყო ტვირთის მეპატრონე ბაირამ ჩოშგუნი. მერაბ ლორთქიფანიძის მონათხრობით, ჩოშგუნს თურქეთში ის მანქანა უნდა გადაეყვანა, რომლითაც ტვირთი ბათუმამდე ჩამოიტანა. მან საზღვარი მართლაც გადაკვეთა, შესაბამისად, მისი დაკავება ვერ მოხერხდა. ადლიაში არც თავად მერაბ ლორთქიფანიძე იმყოფებოდა, მან ბათუმის უნივერსიტეტში შვილს მიაკითხა, რომელიც ეროვნულ გამოცდას აბარებდა.

 

 

მერაბ ლორთქიფანიძეს დაახლოებით 6 საათზე მძღოლმა დაურეკა და უთხრა, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ტელეფონი გათიშა: „საბაჟოზე მივაკითხე. როცა გაიგეს, რომ მანქანის მეპატრონე ვიყავი, მითხრეს, რომ ნარკოტიკი აღმოაჩინეს. გამომძიებლები, ტელევიზია, ბევრი ხალხი ტრიალებდა. დამკითხეს, მოგვიანებით კი დატვირთული ტრაილერი თბილისშიც მე ჩამაყვანინეს. პროკურატურამ იქაც დამკითხა. გამოძიებას გადავეცი დოკუმენტები, რომელიც ჩემს მანქანაში დარჩა კაცს, რომელმაც ტვირთის გადატანა მთხოვა“.

 

 

გურამ ცეცხლაძის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ემზარ პაქსაძე იცავს. მისი ინფორმაციით, კასრებს ქართულად შედგენილი ეტიკეტი ჰქონდა, ხოლო წარმოების ადგილად ბათუმი იყო დაფიქსირებული (მითითებული ქუჩა ბათუმში არ არსებობს). ადვოკატის თქმით, ნარკოტიკის საქართველოდან გადაზიდვის სქემა ასეთია: „თურქეთი-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო, სადაც განბაჟების მერე საქონელი ქართული გახდა. მფლობელმა საქონლის ქართული გადამზიდავი კომპანიით გაგზავნა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ეჭვი არ შეპარვოდათ – როგორც წესი, საქართველოს არ განიხილავენ  ნარკოტიკის მწარმოებელ ქვეყნად. ბათუმიდან საქონელი უკრაინასა და მოლდავეთში ბორნით უნდა გაეტანათ“.

 

 

ადვოკატის ინფორმაციით, ორმა ექსპერტმა ვერ დაადგინა, ზუსტად რას შეიცავდა სითხე, რომლითაც ქვეყნიდან გასატანი კასრები იყო სავსე. მესამეჯერ ჩატარებულ ექსპერტიზას უკვე თბილისიდან სპეცრაზმი ჩამოჰყვა.

 

 

მეორე  ბრალდებული

 

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქე, რომელიც ახლა ძებნილია, იცნობდა ევგენი გორგაძეს, ბრალდებულს, რომელიც აჭარაში ცხოვრობს და თურქეთის მოქალაქესთან მძღოლად მუშაობდა. გორგაძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მან მსგავსი ტვირთი ოთხჯერ გაიტანა საქართველოდან. მისივე მტკიცებით, გზაში ბაირამ ჩოშგუნი არ დაყვებოდა, თუმცა ის ყველა იმ ქალაქში ჩადიოდა ვერტმფრენით, სადაც ტვირთი მიჰქონდათ. მძღოლის ინფორმაციით, ამაში მას საეჭვო არაფერი მოჩვენებია, რადგან ეგონა, რომ ასე მეპატრონე ტვირთს აკონტროლებდა.

 

 

მისივე ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც იმავე გზაზე ტვირთი ოთხჯერ გაიტანეს, ქართული ნომრებით იყო და ერევანში გაფუჭდა, ამიტომაც მოუწიათ სხვა მანქანის დაქირავება. გაქცეულ ბრალდებულს მეორე მანქანაც ჰქონდა, ბათუმამდე ტვირთი სწორედ ამ მანქანით ჩამოიტანეს.

 

 

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამივე დაკავებულს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ.

 

 

გამოძიების ვერსია

 

 

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით, ამოღებულ 30-კილოგრამიან 93 კასრში მოთავსებული სითხის 80% სუფთა ჰეროინი იყო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. ძიება რა ეტაპზეა, რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს შს სამინისტრო ამ ეტაპზე, ძებნილია თუ არა ადამიანი, რომელიც საქართველოდან გაიქცა იმ მანქანით, რომლითაც ჰეროინი შემოიტანეს – ამ და სხვა კითხვებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არ პასუხობენ.

 

 

საქართველო, როგორც ნარკოტრაფიკის მთავარი დერეფანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ბოლო რამდენიმე წელია ხვდება. ამის მიუხედავად საქართველოში დიდი ოდენობის ნარკოტიკი – 116 კილოგრამი ჰეროინი პირველად მხოლოდ შარშან ამოიღეს. თუმცა, საზოგადოებისთვის არც ამ შემთხვევაში გამხდარა ცნობილი, საქმე მხოლოდ მძღოლების დაკავებით დასრულდა თუ სხვა გაგრძელებაც ჰქონდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი