ახალი ამბები

მელნიკოვი გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს

11 აგვისტო, 2014 • • 1651
მელნიკოვი გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს

მელნიკოვმა განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად, როდესაც მანქანა ჯერ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე. მელნიკოვის თქმით, იგი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მას აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში – მიხეილ სააკაშვილს. ამ დროს მათ შეიმუშავეს გეგმა, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ, რათა ამით საზოგადოების პროტესტი გაენეიტრალებინათ. 

 

მელნიკოვის თქმით, მას დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა, რომელსაც ხელი მოაწერა და დაადასტურა სასამართლოზე. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ერიცხებოდა ანაზღაურება. მელნიკოვის დაკითხვა სასამართლოს არ დაუსრულებია, რადგან აღიარებითი ჩვენების შემდეგ მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა აცილება მისცა. ველიჯანაშვილის განმარტებით, იგი ამავე საქმეზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს იცავს და რადგან მელნიკოვის ჩვენება არის მეტრეველის წინააღმდეგ, ის ვეღარ განახორციელებს ამ უკანასკნელის დაცვას. ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა სასამართლოში 18 აგვისტოს გაგრძელდება. 

 

ოლეგ მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. 2013 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა მისი ექსტრადირება საქართველოში, რა დროიდანაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. 2013 წელს ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

მასალების გადაბეჭდვის წესი