ახალი ამბები

სასწრაფოს დაგვიანების გამო პაციენტი ურეკიდან ტაქსით წაიყვანეს ფოთში, სადაც გარდაიცვალა

11 აგვისტო, 2014 • • 2152
სასწრაფოს დაგვიანების გამო პაციენტი ურეკიდან ტაქსით წაიყვანეს ფოთში, სადაც გარდაიცვალა

სამტრედიელი ლალი ბოხუა შვილსა და შვილიშვილებთან ერთად ურეკში ისვენებდა და პარალელურად კაფე “რომაში” მზარეულად მუშაობდა. 5 აგვისტოს, შუადღით, ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოუძახეს, თუმცა მანქანას, რომელიც ურეკს ემსახურება, სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.


კაფე “რომას” თანამშრომელი ლუბა მაისეევა იხსენებს, რომ როდესაც ლალი ბოხუა ცუდად გახდა, მასთან იმყოფებოდა:

 

“ცუდად რომ გახდა, მეზობლებს დავუძახე, გამოვიყვანეთ, “ლეჟანკაზე” დავაწვინეთ. გამოვიძახეთ სასწრაფო, არ მოვიდა. დავრეკეთ მეორედ, მესამედ, მეოთხედ”, – ამბობს  ლუბა მაისეევა.


მაისეევას თქმით, სასწრაფომ საათზე მეტხანს დააგვიანა.

 

ლალი ბოხუას გარდაცვალება
ლალი ბოხუას გარდაცვალება

ლალი ბოხუას შვილი ნანუკა ჯელია ამბობს, რომ ქუჩაში პატრულის მანქანა გააჩერა და დახმარება სთხოვა. მისი თქმით, პოლიციამ კერძო ექიმი მოიყვანა, რომელიც დროებით იმყოფებოდა ურეკში. მაისეევას თქმით, ურეკში საავადმყოფო არ არის, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ურეკში მდებარეობს ლეკიანის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკა, რომელიც მდებარეობს “ციცინათელას” პარკთან.

 

ლუბა მაისეევას თქმით, ექიმმა გასინჯვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლალი ბოხუას საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი იყო.  მათ პატრულსაც სთხოვეს დახმარება, თუმცა, პატრულის განცხადებით, მას ამის უფლება არ ჰქონდა:

 

“ჩვენ არ გვაქვსო გადაყვანის მოწყობილობა, როგორ გადავიყვანოთო.”

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ პატრულისთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს:

 

“პატრულისთვის დახმარებისთვის არავის არ მოუმართავს. გადამოწმებით, ქალბატონი მიმავალი გახდა ცუდად და სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში და გარდაიცვალა.”

 

ამის შემდეგ ნანუკა ჯელიამ ტაქსი დაიქირავა და ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში წაიყვანა. მას თან პატრულის მიერ მოყვანილი ექიმიც გაჰყვა.

ლალი ბოხუას გარდაცვალება
ლალი ბოხუას გარდაცვალება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი შათირიშვილი ამბობს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოზურგეთის ბრიგადის ავტომანქანას, რომელიც ემსახურება ურეკიდან შემოსულ გამოძახებებს, გამოძახების დროისათვის სარემონტო სამუშაო უტარდებოდა, ხოლო სხვა ბრიგადები გამოძახებაზე იყვნენ გასული.

 

“ჩვენს სამსახურს ავტოპარკი გადმოეცა ძალზედ დაზიანებულ და გაუმართავ მდგომარეობაში, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ესაჭიროება გარკვეული სახის შეკეთება”, – ამბობს შათირიშვილი.

შათირიშვილის განცხადებით, ოზურგეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გათავისუფლებისთანავე, 13:18-ზე, გავიდა და ურეკში მივიდა 14:10-ზე. ამ დროისათვის, ნანუკა ჯელიას თქმით, დედამისი უკვე ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ნანუკა ჯელია ამბობს, რომ ფოთის ცენტრალური საავადმყოფოში დედამისს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, მხოლოდ ჟანგდაბის ნიღაბი გაუკეთეს და აპარატზე არ მიუერთებიათ.

“წავიყვანე ფოთში, იქ მთლად დამაქციეს. სანამ პირადობის ნომერს არ მომიტან, რეანომობილს ვერ გამოვიძახებთ, ქუთაისში გადასაყვანია, კორონოგრაფია აქვს გადასაღებიო. სანამ მამაჩემი, ჩემი ძმა სამტრედიიდან ჩამოვიდნენ ფოთში, ფოთიდან შემდეგ წავიდნენ ურეკში, პირადობის ნომერს ტელეფონში გიკარნახებთ, არაო, პირადად უნდა მომიტანოთო.”

ნანუკა ჯელიას თქმით, დედამისი ლალი ბოხუა ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს სუპერვაიზერი მაია შელია ამბობს, რომ ნანუკა ჯელიას ნათქვამი, რომ პაციენტს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენამდე არ მოემსახურნენ, სიცრუეა:

“სრული სიცრუეა ის, რომ სანამ პირადობას არ მოიტანენ, მანამდე ავადმყოფს არ უყურებენ. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, ექიმის მოვალეობაა ავადმყოფს მოუაროს. მერე უკვე იდენტიფიცირება იწყება, პაციენტს რომელი დაზღვევა აქვს, რამდენით ფინანსდება და ასე შემდეგ. პაციენტი რომ შემოყავთ, სახელს და გვარს არ კითხულობენ, რომ შემოყავათ, ისე იწყება მისი მკურნალობა.”

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში კი აცხადებენ, საქმეზე მოკვლევა რომ დაიწყოს, სააგენტოს განმცხადებელმა უნდა მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი