ეკონომიკა

რატომ შემცირდა ენერგოსექტორში ინვესტიციების რაოდენობა

13 აგვისტო, 2014 • • 3469
რატომ შემცირდა ენერგოსექტორში ინვესტიციების რაოდენობა

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოში დაახლოებით 260 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და მასში ენერგეტიკის წილი 5 მილიონამდე დოლარს შეადგენს.

 

“5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ენერგოსექტორში, ეს ძალიან ცოტა თანხაა. ის, რომ სტატისტიკამ ვერ აღრიცხა სრულად საინვესტიციო აქტივობა, რაც იყო ამ სექტორში, ამის შანსი ძალიან მცირეა. ინვესტიციების კლების მიზეზია ის, რომ არ მოხდა გაცხადებული პროექტების ინვესტირება, როგორიცაა ჰესების მშენებლობა და  სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტებში საინვესტიციო აქტივობების განხორციელება,”– ამბობს “ჯორჯიან ბიზნეს&პოლითიქალ ინსაით”–ის ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.

 

გურიაში, მდინარე ბახვისწყალზე ჰესების მშენებლობას კომპანიები “სილქროუდ ჯგუფი” და “KG Energy” 2012 წლიდან ახორციელებენ. მათ რამდენიმე ჰესი უკვე ააშენეს, თუმცა ივლისის თვეში უარი განაცხადეს 2-მეგავატიანი ჰესის – “ბახვი 5”-ის მშენებლობაზე. კომპანია “KG ენერჯის” დირექტორი ვახტანგ ღონღაძე ამბობს, რომ “ბახვი5”-ის ჩაშლის მიზეზი ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევა გახდა, რომელმაც მისი არამომგებიანობა  დაასაბუთა:  

 

“ბახვი 5”-ის 2-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის  შემთხვევაში 1 მეგავატზე საინვესტიციო დანახარჯი გამოვიდა 2,5 მლნ აშშ დოალრი. ამის უკუგება წარმოუდგენელია 15–20 წლის განმავლობაში. სხვა პროექტების შემთხევაში უკუგების პერიოდი 7–8 წელს შეადგენს, რაც სავსებით ნორმალურია. დღევანდელი ბაზრის კონიუქტურის პირობებში, არ იყო ხელსაყრელი და ძალიან რთული იქნებოდა ამ პროექტისთვის დაფინანსების მოპოვება. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშები ნახეს და გაიზიარეს ინვესტორის პოზიცია,” – აცხადებს ღონღაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

კახი კალაძე, გიორგი რამიშვილი, ბახვი 3–ის გახსნა. 2013 წლის დეკემბერი
კახი კალაძე, გიორგი რამიშვილი, ბახვი 3–ის გახსნა. 2013 წლის დეკემბერი

კომპანია “KG”-ისთან ბახვის წყალზე 2 მეგავატიანი ჰესის აშენების შესახებ საქართველოს მთავრობამ მემორანდუმი 2011 წელის 1 აგვისტოს  გააფორმა. კომპანიამ ფინანსური გარანტიის სახით  0,5 მილიარდი აშშ დოლარი წარმოადგინა. მთავრობის №1194 განკარგულებით კი, მთავრობა მხარს უჭერს KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-თან  2011 წლის 1 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის გაუქმებას:

 

“ვინაიდან სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოხდა არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა, საბანკო გარანტია ინვესტორს უკან დაუბრუნდა,” –აცხადებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.  

 

ვახტანგ ღონღაძე განმარტავს, რომ 2011 წელს მთავრობასთან “ბახვი 5”-ის აშენების შესახებ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომპანიამ  პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება დაიწყო:

 

“ჩავატარეთ გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები და საბოლო  ჯამში გამოიკვეთა, რომ დღევანდელი საბაზრო პირობების გათვალიწონებით ელექტროენერგიის გაყიდვის საფასური ქვეყნის შიგნით ან თუნდაც ექსპორტზე ისეთია, რომ  პროექტი არ ჩაითვალა ეკონომიკურად მიზანშეწონილად.”

 

ინვესტორმა მთავრობისგან ახალი შეთავაზება მიიღო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, კომპანიამ „მაჭახელა 1“-სა და „მაჭახელა-2“ პროექტზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ღონღაძე ამბობს, რომ თუ ენერგობაზარზე მდგომარეობა არ შეიცვალა, პროექტების განხორციელება გართულდება:

 

“ეს მარტო ამ პროექტს არ ეხება. თუ ბაზარი იქნება კონკურენტუნარიანი და იქნება უკეთესი ფასები თუნდაც ექსპორტის პირობებში, მაშინ ეს პროექტი შეიძლება გადაიხედოს და სინტერესო გახდეს. თუმცა დღევანდელ რეალობაში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამის ეკონომიკურ  ეფექტს ვერ დავინახავთ.”

 

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ტარიფების ცვლილებამ, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა, გავლენა მოახდინა ენერგოსექტორის ინვესტირებაზე:

 

“კომპანიების მიერ ამოღებული იყო საინვესტიციო კომპონენტი. ტარიფის  შემცირება მოხდა ინვესტიციების შემცირების ხარჯზე,” – აცხადებს გოცირიძე.  

თუმცა საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხურ ინვესტიციებში ენერგეტიკის წილმა  41.8 მლნ აშშ დოლარი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23.5 მლნ აშშ დოლარით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 2014 წლის პირველ კვარტალში კი ეს მონაცემი 5 მილიონ დოლარამდეა შემცირებული. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლის მეორე ნახევარში ენერგოსექტორში კაპიტალდაბანდება გაიზრდება, თუმცა კონკრეტულად რის ხარჯზე, ამაზე სამინისტროში არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი