ახალი ამბები

არაკორექტული რიტორიკა მთავრობის განცხადებებში ევროპელი ლიდერების მიმართ

11 აგვისტო, 2014 • • 1243
არაკორექტული რიტორიკა მთავრობის განცხადებებში ევროპელი ლიდერების მიმართ

“საქართველოს ხელისუფლება დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია. იგი დაუპირისპირდა დასავლურ პრინციპებს და ღირებულებებს. მან შექმნა შთაბეჭილება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის, რითაც დიდწილად გააქარწყლა ის პოზიტიური რეპუტაცია, რომელიც საქართველომ 2012 წელს დაიმსახურა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის გამო”, – აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“რუსეთის მიმართ ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა და დასავლეთის მიმართ ჩვენ ფრთხილი პოლიტიკა არ გვაქვს, ეს ყურადსაღები მგონია, საჭიროა ამის გამოსწორება”, – აცხადებს “სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” მკვლევარი კახა გოგოლაშვილი.

 

“როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება, რომ პრობლემა გაქვს, მინიმუმ უნდა დაფიქრდე – რა არის ეს პრობლემა და გამოსწორება დაიწყო”, – ამბობს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ერთ-ერთ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

 

პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ასეთი შეფასებების მიუხედავად, განსხვავებული მიდგომა აირჩიეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა. მაგალითად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა “ტვიტერში” დაპოსტა, რომ “საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს და ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს”.



ამას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “ფეისბუქში” ასეთი კომენტარით გამოეხმაურა: “სულ ველოდები მის შეშფოთებას. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ შეაგვიანდა, არადა, ჩემს წინა სტატუსებში უკვე მოხსენიებული მყავდა. შეშფოთებისთვის პრიზი ხომ არ დავაწესოთ?”

 

ამ განცხადების გამო ირაკლი სესიაშვილს აკრიტიკებს “საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის” დამფუძნებელი გია ხუხაშვილი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო:

 

“სესიაშვილი დიდი ხანია პატარა ბიჭი აღარ არის და უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება მასაც შეექმნას პრობლემები. ის ჩართულია პროცესებში, ხელისუფლების სახელით ამ ადამიანებთან შეხვედრა შეუძლია მოუწიოს და როგორ აპირებს მათთან ლაპარაკს, ძალიან მაინტერესებს…

 

მე შეიძლება სესიაშვილთან სადილზე დავჯდე და პირად საუბარში შევაფასოთ ბილდტი. შეიძლება რაღაცებში ერთმანეთს დავეთანხმოთ კიდეც, მაგრამ ერთია პირადი საუბარი  და მეორე- საჯარო განცხადება, ერთია ჩემი გამოთქმული კრიტიკა და მეორეა სახელმწიფო მოღვაწის. მას არ აქვს გაცნობიერებული, რომ ვიღაც პატარა ბიჭი კი არ არის ქუჩაში და ენჯეოშნიკი, სახელმწიფო მოღვაწეა და შესაბამისად უნდა იქცეოდეს.”

 

კარლ ბილდტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის გამო საქართველოს მთავრობა “ტვიტერში” ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა გააკრიტიკა: „შერჩევითი მართლმსაჯულების შესაძლო გამოყენება შეუთავსებელია ევროინტეგრაციის პროცესთან. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს ამგვარი პრაქტიკისგან და ყველა ეჭვი თავიდან აიცილოს”.

 

ხოლო უფრო ადრე მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთება ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნეს. ღარიბაშვილმა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს ასეთი განცახდებების გამო “სააკაშვილის მეგობართა კლუბის” წევრები უწოდა.

 

 

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებებით შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი დაზიანდეს:  

 

“იმიჯის დაზიანება ერთი პრობლემაა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ სისტემური პრობლემაა ეს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომლებიც დიდწილად გავლენას ახდენენ გადაწყვეტილებების მიღებაზე იმ გაერთიანებებში, საითაც მივისწრაფით. ასეთი განცხადებებით იზრდება იმის რისკები, რომ პრობლემები შეგვექმნას. შეიძლება მათ იმის რესურსი არ აქვთ, რომ ბევრი გაგვიკეთონ, მაგრამ გაფუჭება ნამდვილად შეუძლიათ. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული მსუბუქი კომენტარები ზრდის რისკებს. ეს მსუბუქი, მჩატე განცხადებები, განსაკუთრებით სესიაშვილზე ვამბობ, არ შეეფერება სახელმწიფო მოღვაწეს. უნდა გვესმოდეს, რა რისკების წინაშე ვაყენებთ მნიშვნელოვან პროცესებს ასეთი განცხადებებით.”

 

ელენე ხოშტარიას თქმით, თუკი საქართველოს სურს დემოკრატიის მშენებლობა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ერთადერთი გზა არის სწორედ იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთა ლიდერები კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დევნას:

 

“ამ ქვეყნებთან და  ამ ადამიანებთან დაპირისპირება არის ჩვენი მთავარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელშეშლა”.

 

“გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი განცხადებები უკან ცუდად შეიძლება დაგვიბრუნდეს,” – აცხადებს კახა გოგოლაშვილი, – “ჩვენ გვაპატიებენ ასეთი სახის გამოხდომებს, სანამ დასავლეთს ძალიან უჭირს და ახლა ძალიან უჭირს რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში, მას ძალიან ჭირდება საქართველოს მის მხარეზე ყოლა. ამ ვითარებაში ასეთი სახის გამონათქვამებს გვაპატიებენ, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ასეთი გამონათქვამები საქართველოს დიდ საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ შეიძლება მიმზიდველობა დავკარგოთ, წინ უნდა გავიხედოთ. მეორე მხრივ, ასეთი განცხადებების რიტორიკა, რა თქმა უნდა, მიმართულია პოზიციების გამყარებისკენ ქვეყნის შიგნით, ანუ სახელმწიფოში თავისი ნაბიჯების ადეკვატურობის განმტკიცებისთვის, ის, რომ არაფრის არ გვეშინია, რომ ოპოზიციას ნუ ექნება რაიმეს იმედი და ა.შ. ეს შიდა პოლიტიკური პროცესის ელემენტებია და არ არის მიმართული პირდაპირ იმისკენ, რომ პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს უთხრა, რომ ვინ ხართ, ლიდერებად არ გთვლით, არა, ეს შიდა სიტუაციაზეა ორიენტირებული.”

 

გია ნოდიას განცხადებით, ხელისუფლება დასავლეთისგან ბევრჯერ იყო გაფრთხილებული, რომ სააკაშვილსითვის ბრალის წაყენება არაფრით შეიძლება და მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი:

 

“ამის შემდეგ, ვინ ირონიულად ჩაიცინებს, ვინ შეეცდება, რომ უფრო სერიოზულად უპასუხოს დასავლელი ლიდერების განცხადებებს – ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამ კრიტიკულ განცხადებებზე, ბუნებრივია, რომ ცინიკურად ვიღაც გაიცინებს, რადგან სერიოზული საპასუხო არ აქვთ.”

 

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობას ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია დასავლელ ლიდერებთან:

 

“წელიწადნახევრის განმავლობაში გვესმოდა, რომ დაელაპარაკებოდნენ და მოიხსნებოდა პრობლემა, შემდეგ იყო საუბარი, რომ სააკაშვილი აქტუალური აღარ არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე ასე მარტივად არ არის და ვერ მოაგვარეს პრობლემა. ჩვენ ვხედავთ ამ ხელისუფლების დეკლარირებულ მიზანს, “ნაციონალური მოძრაობის” განადგურებას, რასაც ეწირება ქვეყნის ფუნდამეტური მიზნები.  ერთადერთი სწორი პასუხი ასეთ მასობრივ შენიშვნებზე არის ამ პოლიტიკის გადახედვა.”

 

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ისინი მისდევენ კანონის უზენაესობას და ადგილი არ აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას აწარმოებენ. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც უკვე ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და დაუსწრებლად აქვს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული, აცხადებს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსეთის, კერძოდ, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება ამით.

 

საქართველოს მთავრობა ხშირად აპელირებს იმაზე, რომ მათ შეცვალეს აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ და ამით აღწევენ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ასეთ ფონზე როგორ შეიძლება აიხსნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერის განცხადებები ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკაზე?

 

“რუსეთი ჩვენი მტერია, მათთან სიფრთხილე სწორი პოლიტიკაა, ის უგუნური პოლიტიკა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო, არ იყო სწორი. რაც შეეხება დასავლეთის ზოგიერთ წარმომადგენლებთან ნაკლებად დიპლომატიურ რიტორიკას, ეს ყოვლად მიუღებელია. კორექტულები უნდა ვიყოთ ყველასთან, მათ შორის მტერთან და, მით უმეტეს, მეგობრებთან უნდა შევინარჩუნოთ ეს კორექტულობა. ბილდტი ადამიანია, ის რობოტი არ არის და როდესაც საქართველოს ხელისუფლებიდან ის იღებს შეფასებებს შეურაცხყოფის ზღვარზე, ბუნებრივია, ნებისმიერ ფორუმზე, სადაც საქართველოს საკითხები განიხილება, ის ხელშეწყობის ნაცვლად პრობლემების შექმნას შეეცდება. რატომ გადაგვყავს პოზიტივი ნეგატივში, ეს ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის პრემიერს შეეძლო დაერეკა მისთვის, პირადად ესაუბრა და აეხსნა არსებული მდგომარეობა და შემდეგ რელიზი გაევრცელებინა. ბილდტი გაიზიარებდა ამას თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეტიკეტი იქნებოდა დაცული. ამ საჯარო განცხადებების პოზიტიური შედეგი, თუ შეიძლება ასე დაერქვას, არის ის, რომ ვიღაც ადამიანებს ქვეყანაში გული მოფხანა, ვინც უკმაყოფილოა დასავლეთის პოლიტიკით,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

გია ნოდია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის დასავლური ორიენტაცია არ არის პრინციპული და პრიორიტეტული:

 

“მათ ფორმალურად არ გადაუდგამთ ნაბიჯები, რომელიც ორიენტაციის შეცვლას გამოააშკარავებდა: ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე უარი არ უთქვამთ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღუდგენიათ, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ ნაკლები დისკომფორტი შეუქმნან რუსეთს. ეს იმ ფონზე, როდესაც ძალიან მომგებიანი საერთაშორისო კონიუნქტურაა მსოფლიოში. თუ ადრე დასავლეთი მხოლოდ საქართველოს გამო ერიდებოდა რუსეთთან დაპირისპირებას, დღეს კრიზისია რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის გამო. თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკელები, ადარებენ 2008 წლის ომს და დღევანდელ ვითარებას ერთმანეთს, ჩვენ შეგვეძლო ამაზე მუშობა და განგვევითარებინა იდეა, რომ რუსეთი 2008 წელს ისევე მოქმედებდა საქართველოში, როგორც უკრაინაში, და გვეთქვა, რომ ასეთივე მხარდაჭერას ვიმსახურებთ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ შანსის გამოსაყენებლად, რითაც რუსეთისთვის ძალიან სასარებლო საქმეს აკეთებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამ პროექტის ავტორი შვედეთია, ხოლო ინიციატორი – პოლონეთი. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან სავაჭრო, ეკონომიკურ, სავიზო და სხვა სახის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი