ახალი ამბები

არჩევნებში გამარჯვებული ერდოღანი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებს

11 აგვისტო, 2014 • • 966
არჩევნებში გამარჯვებული ერდოღანი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებს

ერდოღანის ამ გამარჯვების გამო მისი ოპონენტები შიშობენ, რომ ეს ავტორიტარული მმართველობის გაზრდას მოასწავებს.

 

მომდევნო კვირების განმავლობაში ერდოღანი უკანასკნელად უხელმძღვანელებს მის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიას. ის თვალყურს მიადევნებს პარტიის ახალი ლიდერის არჩევას, რომელიც მისი ერთგული მოკავშირე და მომავალი პრემიერ–მინისტრი უნდა გახდეს.

 

თურქეთის ახალი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის ინაუგურაცია 28 აგვისტოს გაიმართება.

 

“დღეს ახალი დღეა, ახალი ეტაპი, თურქეთის დაბადების დღე, მისი ფერფლიდან აღდგენის დღე,” – მიმართა 60 წლის ერდოღანმა თავის მხარდამჭერებს ანკარაში, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” ცენტრალური ოფისის აივნიდან.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

 

“მე არ ვიქნები მხოლოდ მათი პრეზიდენტი, ვინც ხმა მომცა, მე 77 მილიონი ადამიანის პრეზიდენტი ვიქნები,”– თქვა მან.

 

თურქეთში 53 მილიონზე მეტი ამომრჩეველია, თუმცა სტამბულის საარჩევნო უბნებზე მაღალი აქტივობა არ დაფიქსირებულა. შუადღისას საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ ერთი წარმომადგენელი კონსერვატიული რაიონიდან, ტოფანედან, დაბალი აქტივობით იმედგაცრუებული იყო: “აქ ხმა დაახლოებით 1000–მა ადამიანმა უნდა მისცეს, მაგრამ ჯერჯერობით 200–იც არ მოსულა. საპრეზიდენტი არჩევნები ხალხს დიდად არ ანაღვლებს,” – თქვა მან.

 

მხარდამჭერები მანქანების ჩართული საყვირებითა და დროშების ფრიალით გამოვიდნენ ქუჩებში მას შემდეგ, რაც თურქეთის ტელევიზიით გაიგეს, რომ ერდოღანმა, რომელიც ათწლეულზე მეტი დროით იკავებდა პრემიერ–მინისტრის თანამდებობას, არჩევნები 52%–ით მოიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი