კომენტარი

ბორჯომის თოჯინების თეატრის კოლექტივის ღია წერილი კულტურის მინისტრს

11 აგვისტო, 2014 • • 1315
ბორჯომის თოჯინების თეატრის კოლექტივის ღია წერილი კულტურის მინისტრს

“ბატონო მინისტრო, გწერთ იმის იმედით, რომ ამჯერად მაინც მოგაწვდენთ ხმას და თქვენი დახმარებით აღვადგენთ სამართლიანობას. ჩვენ ვართ შემოქმედებითი ძალა, რომელიც ამოძრავებს თეატრს და განაპირობებს ბორჯომის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ფუნქციონირებას. 


ქალაქს სჭირდება  თეატრი, – მოძრავი, ენერგიული და არა ისეთი უფუნქციო, როგორიც წინა სამხატვრო ხელმძღვანელის პირობებში იყო.  კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ  რეკომენდირებული კანდიდატი, რომელიც დასისთვის და ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო, გულგრილად მოეკიდა პროფესიული თეატრის მართვას, თვეობით არ ცხადდებოდა სამსახურში,  საკუთარი ბიზნესინტერესების გამო ვერ იცლიდა ჩვენი თეატრისთვის, მსახიობებს უსაფუძვლოდ უცხადებდა საყვედურებს, განკარგულებებს სოციალური ქსელის მეშვეობით იძლეოდა.


შეჩერდა შემოქმედებითი პროცესი: ძველი სპექტაკლები მოიხსნა და ახალი აღარ იდგმებოდა. ამ ყველაფერს დაემატა მსახიობების თეატრიდან უსაფუძვლო გათავისუფლება,  რამაც დასის დაშლა გამოიწვია. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ადამიანი, რომელმაც თავისი უუნარობით მთლიანად მოშალა თეატრალური პროცესი,  სარეკომენდაციო საბჭომ შიდა გარიგების მეშვეობით აირჩია.  ის საბჭოს ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის უახლოესი მეგობარია.  სამწუხაროდ, მოვლენების თანმიმდევრობა გვარწმუნებს, რომ ბატონი ლაშა ჩხარტიშვილის ქმედებები და სარეკომენდაციო საბჭოში მისი გადაწყვეტილებები ჩვენი თეატრის მიმართ შურისძიების ხასიათს ატარებს.  


სამხატვრო ხელმძღვანელობის ერთ–ერთ კანდიდატს, შალვა გოგოლაძეს სარეკომენდაციო საბჭომ შარშანდელ არჩევნებში მხარი არ დაუჭირა და გოჩა ხვიჩიას სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მიზეზი კი იმით ახსნა, რომ შალვა გოგოლაძე პროფესიით რეჟისორი არ გახლდათ და  თოჯინების თეატრის სფეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. წელს კი იმავე შალვა გოგოლაძეს მიანიჭეს უპირატესობა გამოცდილ რეჟისორ თამაზ იმნაძესთან შედარებით.  


ბატონმა თამაზ იმნაძემ, რომელიც ამჟამად სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია, უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, მოკლე დროში მოახერხა  თეატრში შემოქმედებითი პროცესის აღდგენა, დაგეგმა საინტერესო ინოვაციური და შემოქმედებითი პროექტები.  ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ მას და მოვითხოვთ, სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევა  მოხდეს ჩვენი აზრის გათვალისწინებით. თეატრი არის შემოქმედებითი ჯგუფი და არა უუნარო დირექცია და სარეკომენდაციო საბჭო, რომლის რეკომენდირებულმა კანდიდატმაც  თეატრალური დასი ფაქტობრივად დაშალა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგივე განმეორდება წელსაც, თუ მათ მიერ კანდიდატის არჩევა ამჯერადაც  ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად მოხდება. ჩვენ არ ვართ დაცულნი, რომ სამსახურიდან  არ გაგვათავისუფლებენ. განსხვავებული პოზიციის გამო, სხვადასხვა მიზეზით, არ შეგვამცირებენ. საინტერესოა, თეატრალური პროცესის კვლავ გაჩერების გამო პასუხისმგებლობას ვინ აიღებს თავის თავზე? რა თქმა უნდა, არავინ. რადგან ბორჯომის თეატრი არავის გაახსენდება, ისევე, როგორც წელს, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემისას. პროგრამას, რომელსაც თავად სარეკომენდაციო საბჭოს წევრები უძღვებოდნენ და სადაც ქართულ თეატრალურ სეზონს აჯამებდნენ,  ყველა თეატრსა და იქ განხორციელებულ პროცესებზე საუბრისას, ბორჯომის თეატრის პრობლემებზე სიტყვაც  კი არ დასცდენიათ.  

 

ძალიან რთულია, ასეთ  ვითარებაში სამართლის ძიება და ხმის მიწვდენა ისეთი კომპეტენტური ადამიანებისთვის, ვინც პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარება.მაგრამ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოდ ჩვენი სიმართლის დასაცავად. ასე ერთ გუნდად შეკრული და მოტივირებული ბორჯომის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი კარგა ხანია არ ყოფილა.

 

იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ერთსულოვან მოთხოვნას ბორჯომის თოჯინების თეატრის დასის და შემოქმედებითი კოლექტივისა, რომელიც, ფაქტობრივად, სამხატვრო საბჭოცაა და კანონის მიხედვით, მასაც შეუძლია კანდიდატის წარდგინება. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი მსახიობ შალვა გოგოლაძესთან შედარებით ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რეჟისორ თამაზ იმნაძეს. რა თქმა უნდა,  პიროვნულად შალვა გოგოლაძის საპირისპირო არაფერი გვაქვს, მაგრამ ვშიშობთ, რომ მისი კანდიდატურა ხელს აძლევს მხოლოდ თეატრის დირექციას და სარეკომენდაციო საბჭოს ზოგიერთ წევრს. აქვე შეგახსენებთ კანონის იმ მუხლს, სადაც ნათლად წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამხატვრო ხელმძღვანელი პროფესიით არ არის შესაბამისად რეჟისორი, თეატრს უნდა ჰყავდეს მთავარი რეჟისორი. ამას კი მოჰყვება შტატის დამატება და ისედაც მწირი ბიუჯეტის გაზრდა, რისი საშუალებაც დღეს მუნიციპალიტეტს ნაკლებად გააჩნია. თეატრში აღმოჩნდება მაღალანაზღაურებადი სამი თანმდებობა: სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი რეჟისორის და დირექტორის, მაშინ, როდესაც თეატრის რიგით თანამშრომელთა ხელფასი მიზერულია.   

 

იმედი გვაქვს, კულტურის სამინისტრო გაითვალისწინებს ჩვენს უმორჩილეს თხოვნას, ბორჯომის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თამაზ იმნაძის დანიშვნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლებაც უჭერს მხარს.

 

ბატონო მინისტრო, ვინაიდან დროც აღარ ითმენს, გთხოვთ, მოახდინოთ სწრაფი რეაგირება.  თქვენი გულისხმიერება და ობიექტურობა  თავიდან აგვაცილებს ჩვენი მხრიდან უკიდურესი ზომების მიღებას. თეატრი, პირველ რიგში, შემოქმედებითი ჯგუფია და არა ადმინისტრაცია ან სარეკომენდაციო საბჭო, რომელსაც უნდობლობას ვუცხადებთ ერთპიროვნული და მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამოტანის გამო”.

 

წერილს ხელს აწერენ: 

 

ირინა კუბანსკაია

შოთა ლეკიშვილი

ბაქარ ლომიძე

ქეთევან მეტრეველი

ელზა ხერხეულიძე

ალეკო სტეფანიანი

ავთანდილ პაპიძე

მაკო ოქრუაშვილი

ანა ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი