ახალი ამბები

პროკურატურა: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პოლემიკა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია

9 აგვისტო, 2014 • • 1100
პროკურატურა: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პოლემიკა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია

პროკურატურის განცხადების მიხედვით,  სდსს-სთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გრიფის მოხსნის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ორჯერ, 12 ივლის და 6 აგვისტოს მიმართა,  თუმცა ერთთვიანი მოლოდინის  მიუხედავად,  მოთხოვნილ დოკუმენტებს არც  საიდუმლო  გრიფი არ  მოხსნია და პროკურატურას არც უარის წერილი არ  მიუღია.  

 

“გუშინ, 8 აგვისტოს  პროკურატურის ხელმძღვანელობასა და  პრეზიდენტს შორის  შედგა  შეხვედრა,  თუმცა  შედეგი  არც ამ შეხვედრას არ ჰქონია  და პასუხი  პროკურატურის  მიმართვაზე  კვლავ ვერ მივიღეთ. როგორც  საზოგადოებისთვის  გახდა ცნობილი, საქართველოს  პრეზიდენტმა  მოთხოვნილ  დოკუმენტებს  გრიფი  საიდუმლო  მხოლოდ  გუშინ  საღამოს, 8 აგვისტოს  მოხსნა. აღნიშნულ  ფაქტს  საქართველოს  პროკურატურა  მიესალმება,  რადგან  საიდუმლო  გრიფი მოეხსნა  ხსენებულ  სისხლის სამართლის საქმეზე  სრულყოფილი  გამოძიების უზრუნველსაყოფად  საჭირო  ძალიან   მნიშვნელოვან  მტკიცებულებებს. აქვე  პრეზიდენტის  ადმინისტრაციის  დღევანდელ  განცხადებასთან  დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ,  რომ საქართველოს  პროკურატურას  მიზანშეუწონლად  მიაჩნია საქართველოს  პრეზიდენტის  ადმინისტრაციასთან სამართლებრივ პოლემიკაში შესვლა, მით უმეტეს, როდესაც აშკარაა, რომ  პროკურატურის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებას”,– ნათქვამაი განცხადებაში. 


8 აგვისტოს საქართელოს პრეზიდენტმა შეშფოთებას გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც საიდუმლო გრიფი ჰქონდა მინიჭებული. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას, რადგან  სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. შსს–ში კი აცხადებენ, რომ პროკურატურას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

 

პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი