ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს

9 აგვისტო, 2014 • • 1188
პრეზიდენტის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს

განცხადებაში ნათქვამია, რომ  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები პროკურატურის მიერ გაიგზავნა 2-ჯერ, 12 ივლისს და 6 აგვისტოს, და ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი „საიდუმლო“, რაც როგორც ადმინისტრაცია გაანმარტავს, ნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან:

 

“8 აგვისტოს განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ გრიფდადებული წერილების უკანონო განსაჯაროებაზე მიუთითებდა – უდავოა, რომ მოხდა მათი გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი განსაჯაროება მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ: „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია“. აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?”– წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია  სახელმწიფო ინსტიტუტებს  კანონის  შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

“აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ სახელმწიფო ინსტიტუციები ჯერ დაასაიდუმლოებენ დოკუმენტს, შემდეგ კი დასაიდუმლოებულ წერილს განასაჯაროვებენ გრიფის მოხსნის გარეშე, ეს საფრთხეს შეუქმნის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სისტემის ფუნქციონირებას და ამ კანონით დაცულ სიკეთეს”,– ნათქვამია განცხადებაში. 

 

8 აგვისტოს საქართელოს პრეზიდენტმა შეშფოთებას გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც საიდუმლო გრიფი ჰქონდა მინიჭებული. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას, რადგან  სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“. 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და რომ საგამოძიებო უწყებას საიდუმლო მიმოწერის არც ერთი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული:

 

“შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას. პროკურატურამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე და გადაუგზავნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც. წერილი პროკურატურის მიერ გაიგზავნა ორჯერ, 2014 წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით დადასტურებულია, გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია”– აცხადებენ პროკურატურაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი