ახალი ამბები

შსს: პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ გაუვრცელებია

9 აგვისტო, 2014 • • 1078
შსს: პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ გაუვრცელებია

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მითითება პროკურატურის მხრიდან  საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და უსაფუძვლოა რამდენიმე  გარემოების გამო:

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პროკურატურის მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების შედეგებზე შსს-ს რეაგირებას, გვინდა განვმარტოთ, რომ ხსენებული საკითხი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ფაქტზე რეაგირება არ შედის შსს-ს კომპეტენციაში”.– აცხადებენ უწყებაში.

 

8 აგვისტოს საქართელოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ საჯაროდ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელსაც საიდუმლო გრიფი ჰქონდა მინიჭებული. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას, რადგან  სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, „პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“.


საქართველოს მთავარი პროკურატურა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და საგამოძიებო უწყებას საიდუმლო მიმოწერის არც ერთი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული:


“შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას. პროკურატურამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე და გადაუგზავნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც. წერილი პროკურატურის მიერ გაიგზავნა ორჯერ, 2014 წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით დადასტურებულია, გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია”– აცხადებენ პროკურატურაში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი