ახალი ამბები

პროკურატურა: არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაგვისაჯაროებია

8 აგვისტო, 2014 • • 1000
პროკურატურა: არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაგვისაჯაროებია

პროკურატურა აცხადებს, რომ რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაში არის შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს. 

პროკურატურა განმარტავს, რომ 2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იყო სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, რომელიც შეეხებოდა ცხრა მილიონამდე ლარის ხარჯს, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს.

 

პროკურატურის მტკიცებით, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი თავის დროზე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არასწორად იყო გასაიდუმლოებული. შესაბამისად, პროკურატურამ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს იმის გასარკვევად, შეიცავდა თუ არა აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებას.

 

პროკურატურამ მიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციას საიდუმლო გრიფის მოხსნის თაობაზე და გადაუგზავნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაც. წერილი პროკურატურის მიერ გაიგზავნა ორჯერ, 2014 წლის 12 ივლისს და 6 აგვისტოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებით დადასტურებულია, გრიფი მინიჭებულია არასწორად, ხსენებულ დოკუმენტებს გრიფი არ მოხსნია. აღნიშნულ საკითხზე დღეს შედგა შეხვედრა უშუალოდ პროკურატურის ხელმძღანელობასა და პრეზიდენტს შორის, აცხადებს პროკურატურა.

 

“საქართველოს პროკურატურას არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს წუხილი გამოვთქვათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მისივე განცხადების თანახმად დღეს მოხსნა საიდუმლო გრიფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად აუცილებელ მნიშვნელოვან მტკიცებულებას”, – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნულ დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი მოხსნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი