ახალი ამბები

ფრანგი ტურისტების დაკავება ახალციხეში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამო

8 აგვისტო, 2014 • • 1861
ფრანგი ტურისტების დაკავება ახალციხეში ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის გამო

პრეპარატ “დაფალგანს”, რომელიც ნივთიერება კოდეინს შეიცავს, საქართველოში ნარკოტიკად მიიჩნევენ. Le Figaro-ს ინფორმაციით, “დაფალგან კოდეინი” ტკივილგამაყუჩებელია და საფრანგეთში მისი გამოწერა უპრობლემოდ შეიძლება. დაკავებულ ტურისტებს, რომლებიც საფრანგეთიდან არიან, პრეპარატი ექიმმა თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ დაუნიშნა.

 

ტურისტებისგან ერთ-ერთი, რომელიც უკვე გათავისუფლებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 ივლისს ახალციხეში დააკავა, ხოლო მეორე ტურისტი – 3 აგვისტოს. შსს–ს განცხადებით, ტურისტებს კანონით დაშვებულ ოდენობაზე მეტი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი გადმოქონდათ. გამოძიება 262 მუხლით დაიწყო, რაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანას,  უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს. ტურისტები კი სასამართლომდე ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.

 

ერთ–ერთი ტურისტის სასამართლო პროცესი 7 აგვისტოს გაიმართა. 5 000 ლარიანი საპროცესო გარიგების შემდეგ მას საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს.  

 

France Info.–ს ინფორმაციით, სანამ პირველ ტურისტს გაათავისუფლებდნენ, საფრანგეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვინსენტ ფლორენმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საელჩო საქართველოში დაკავებულ ტურისტებს და მათ ოჯახებს მუდმივად  ეკონტაქტებიან:

 

“საელჩომ ისინი უზრუნველყო ყველა სახის დახმარებით, რაც ტურისტებს ჭირდებოდათ და რისი გაკეთებაც საკონსულოს ქართული კანონების დაცვით შეეძლო”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეორე ტურისტის სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი