კომენტარი

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად

8 აგვისტო, 2014 • 1377
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ქალებზე ძალადობის შესაჩერებლად

 

თამარ კორძაია
თამარ კორძაია

თქვენი აზრით, უნდა მიიღოს თუ არა სახელმწიფომ განსაკუთრებული ზომები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლადრა შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო დონეზე, თუ არის ამის საჭიროება და შესაძლებლობა?

 

 

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონთა პაკეტი, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას და ძალადობის პრევენციას. ვფიქრობ, მესამე მოსმენის შემდეგ კანონი შევა ძალაში. ამ კანონის თანახმად, ვინც გაიგებს, რომ არასრულწლოვან გოგოს ათხოვებენ, ვალდებული იქნება შეატყობინოს შესაბამის უწყებებს. გარდა ამისა, როდესაც მოძალადე ოჯახის წევრი ციხიდან გამოდის, პოლიცია ვალდებული იქნება შეატყობინოს ოჯახის წევრებს. ერთი სიტყვით, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება ეს მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ სამართლებრივი ნორმების არსებობა არ არის საკმარისი, რადგან რიგ შემთხვევებში ქალზე მოძალადე არის პოლიციის თანამშრომელიც.

 

 

შეიძლება ფსიქოლოგების მონაწილეობით შემუშავდეს ტესტები, რომელთა გავლა სავალდებულო იქნება პოლიციის თანამშრომლებისათვის და ის ადამიანი, ვინც ვერ დააკმაყოფილებს ამ ტესტს, ვისაც შინაგანად არა აქვს გაცნობიერებული ოჯახში ძალადობის დაუშვებლობა, არ უნდა მუშაობდეს ამ დაწესებულებებში. სხვანაირად, ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იქნება.

 

 

მთავარია, თითოეულმა ჩვენგანმა გააცნობიეროს, მეზობელს ექნება პრობლემა თუ ოჯახს, არა აქვს მნიშვნელობა, რომ ეს არ არის მარტო ამ ოჯახის თემა, ეს არის საჯარო პასუხისმგებლობის საკითხი. ამ თემას სჭირდება მრავალმხრივ მუშაობა, სასკოლო განათლებით დაწყებული, სამოქალაქო განათლებით დამთავრებული.

 

 

თქვენ ახსენეთ ადრეული ქორწინება, კანონპროექტში არის ამაზე საუბარი, რა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუ მაგალითად, მასწავლებელი ადრეული ქორწინების შემთხვევის შესახებ არ შეატყობინებს კონკრეტულ უწყებებს?

 

 

თუ მოსწავლე შეწყვეტს სკოლაში სიარულს, მასწავლებელი ვალდებულია მოიკითხოს, რატომ შეწყვიტა მან სკოლაში სიარული და თუ არ იცის, შეატყობინოს მეურვეობის ორგანოებს. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებშიც არის გადატანილი გარკვეული საკითხები, მაგრამ მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუმი მორჩილება აუცილებლად აისახება სამომავლო საქმიანობაზე. თუკი მასწავლებელი ამას არ გააკეთებს, მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. 

 

 

სახალხო დამცველის ანგარიშში კატასტროფულად დიდი რიცხვია საქართველოში ნაადრევად სკოლაში სწავლის შეწყვეტის თაობაზე, 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს სკოლაში სწავლა შეწყვეტილი. აქედან რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა დაოჯახების გამო, არ არის აღრიცხული, ესეც პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამის გაკონტროლება დაევალებათ მასწავლებლებს.

 

 

თქვენ ფეისბუქზე დაწერეთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე შს მინისტრს ჰკითხეთ  პოლიციელის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობაზე. რა პასუხი მიიღეთ მისგან

 

 

პასუხი იყო ისეთი, რომ ეს თემა აქტუალურად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტრენინგი ჩაუტარდა 420 პოლიციელს. ტრენინგი თავისთავად კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი ღონისძიება. ერთ და ორდღიან ტრენინგზე ადამიანს ცნობიერებას ვერ შეუცვლი. უფრო მკაცრი და ქმედითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. მიმაჩნია, რომ ტესტირება შეიძლება იყოს კარგი გამოსავალი.

 

 

თუ ადამიანი შინაგანად ვერ იაზრებს იმას, რომ ოჯახში ცოლი და შვილი არ არის მისი კუთვნილება და შეიძლება მათი დასჯა, მას ორდღიანი ტრენინგი ვერ შეაცვლევინებს აზრს. შეიძლება გარეგნული ქცევები შეიცვალოს, მაგრამ მისი დამოკიდებულება არ შეიცვლება. გარდა ამისა, მთავარია, ქალები მიხვდნენ, რომ როცა მასზე ძალადობენ, ამის თქმა არ არის სირცხვილი. უმეტესად დისკრიმინაციის ფორმები უხილავია, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის ფორმები.

 

 

ასევე საგანგაშოა ის მდგომარეობა, რაც მოხუცებთან დაკავშირებით ხდება საქართველოში. სახალხო დამცველის ანგარიშში ამასაც დაეთმო მნიშვნელოვანი თავი, ძალადობის მსხვერპლი ოჯახში ხშირად არიან მოხუცები, მათ შორის დედები. ისინი არ ჩანან, სახლიდანაც არ გამოდიან. უცხოეთში ხედავ მოხუცებს, რომლებიც სეირნობენ, არიან კაფეებში, ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით. იგივე ბათუმში, როცა გემი მოადგება ნაპირს, ძირითადად ჩამოდიან მოხუცი ადამიანები, ისინი ისვენებენ, მათთვის სამყარო ღიაა, რაც არ შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ მოხუცებს, განსაკუთრებით ქალებს. საქართველოში ქალი თუ ბებია გახდა, მიიჩნევა, რომ მან შვილიშვილით უნდა იცხოვროს. ეს დამოკიდებულებები უნდა შეიცვალოს.

 

 

ეს საკითხები პირდაპირ უკავშირდება ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. რომ დავუბრუნდეთ ისევ კანონმდებლობას, ამ კუთხით კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს?

 

 

მე ვესაუბრე გენდერულ თემატიკაზე მომუშავე სპეციალისტებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რის გამოც ეფექტურია ჩვენი კანონმდებლობა, ისაა, რომ არ სრულდება კანონი. მათი არგუმენტი ასეთია: ჩვენი კანონმდებლობა არის გენდერულად ნეიტრალური, არ არის გენდერულად მგრძნობიარე. კანონმდებლობა ეფექტურია მაშინ, როდესაც კანონით პრობლემა გვარდება.

 

 

მაგალითად, თუ 97% ძალადობის მსხვერპლი ოჯახში არის ქალი და 3 პროცენტი მამაკაცი და ბავშვი, კანონის ცვლილებამ ეს პროცენტი უნდა შეცვალოს, ქალების მიმართ ძალადობამ უნდა დაიკლოს, მაგრამ არ იკლებს. თუ კი კანონს წაიკითხავ, თუ ღრმად არა ხარ გარკვეული, ფიქრობ, რომ კანონი კარგია, მაგრამ ქალების მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. ეს ჩანს იმაშიც, რომ გვაქვს გენდერული თანასწორობის შესახებ დეკლარაციული კანონი, რომელიც გარკვეულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მაგალითად, ფინანსურ მხარდაჭერას იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც მეტ ქალს ჩასვამენ სიაში და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ვხედავთ რას?! ყოველდღე იკლებს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. თუ წინა პარლამენტთან შედარებით ახლა ოთხი პროცენტით მეტი ქალია, ეს არაფერს ნიშნავს. გადავხედოთ, გამგებლები, კანდიდატები და საკრებულოს წევრები ვინ იყვნენ _ ყველა კაცი იყო. არსებული კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურია და თითქოს არავის ზღუდავს, ვერ ახდენს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.  

 

 

 

 

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემა პოპულარულია პარლამენტში? – საუბრობთ ამ საკითხებზე?

 

 

თემა რომ არ არის პოპულარული იქიდანაც ჩანს, რომ როცა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე დავსვი საკითხი, იმ დღეს ეს თემა არც ერთმა მედიამ არ გააშუქა, ანუ არა მარტო პარლამენტში, საერთოდ, ქვეყანაში ვერ ვაცნობიერებთ ამ საკითხს სერიოზულად. ის, რომ გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის მდგომარეობას, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას აუმჯობესებს და პიროვნული განვითარების საშუალებას იძლევა, ამ კონტექსტში თემა არ განიხილება.

 

 

თუკი საკანონმდებლო ცვლილებების ის პაკეტი, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, მესამე მოსმენით გავიდა, ექნება ამას მყისიერი შედეგი საზოგადოებისთვის?

 

 

ის, რომ მკვლელი დაისჯება, ეს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, მკვლელ პოლიციელს, რომელმაც ზესტაფონში მოკლა ცოლი, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რაზე მიდიოდა და ისიც, რომ ციხეში წავიდოდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩუმი სოლიდარობა არსებობს მოძალადე მამაკაცების მიმართ, რომლებიც ე.წ. „ოჯახის ღირსებას“ და „ოჯახის პატიოსნებას“ იცავენ. შინაგანი სოლიდარობა სანამ არ მოკვდება ამ ქვეყანაში, ვერც ერთ კანონს ვერ ექნება ეფექტური და პრევენციული ხასიათი. ზესტაფონელები გვიყვებოდნენ, რომ მთელი ზესტაფონი იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ გააუბედურა ამ გოგომ ეს ბიჭი, იმიტომ, რომ აიძულა თავისი საქციელით ცოლი მოეკლა. კანონი ამ აზროვნებას პრევენციას ვერ გაუკეთებს. თუკი მეზობელი მიიჩნევს, რომ ცოლმა ეს დაიმსახურა, ეს უკვე არის ძალადობის ჩუმი თანაგრძნობა, მონაწილეობა და ამ ძალადობის გაძლიერება. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის  ეს ჯერ კიდევ არის ნორმა და წესი.

 

 

მაშინ რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის შესაცვლელად?

 

 

ეს თემა უნდა გაააქტიუროს ყველამ, ვისაც ეს აწუხებს: მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და ასე შემდეგ. მსოფლიოში არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ყველა კანონს, რომელსაც მიიღებენ, სწავლობენ გენდერული მგრძნობელობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსების დროს, რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა ბიუჯეტი, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. მნიშვნელოვანია ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიცაა ბავშვის ბაღში წაყვანა, რასაც რეალობაში ძირითადად დედები აკეთებენ, ამიტომ უნდა მოხდეს ტრანსპორტის ისე დაგეგმარება, რომ ქალებს ხელი შეეწყოთ. არის ბევრი წვრილმანი, რაზეც ჩვენ აქამდე არ გვიფიქრია, ამაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კომპეტენციაც კი არ გვყოფნიდეს, ამიტომ უნდა ვკითხოთ იმას, ვისაც კარგი გამოცდილება აქვს ამ თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი