ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ გამოძიებულ იქნას ომის ყველა დეტალი

8 აგვისტო, 2014 • • 1033
ღარიბაშვილი: ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ გამოძიებულ იქნას ომის ყველა დეტალი

პრემიერმა, ასევე, ისაუბრა აგვისტოს მოვლენების გამოძიების მნიშვნელობაზე:


“ინფორმაცია მაქვს ქალბატონი წულუკიანისგან, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება, რომ გამოძიებულ იქნას ომის ყველა დეტალი. ყველა ნიუანსი. ეს არის პირდაპირი მოთხოვნა ჰააგიდან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იქნას გამოძიებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰააგა გამოიძიებს თავად ამ ომის ყველა დეტალს.“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განცხადება გაავრცელა აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით:


“მე ქედს ვიხრი ამ ომის მსხვერპლთა ხსოვნის წინაშე. პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს ასეთი მამულიშვილების აღზრდისათვის და დავარწმუნო, რომ სახელმწიფო ყოველთვის მათ გვერდით იქნება. მჯერა, ჩვენი თავდადებული მეომრების სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას.


რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ შეიწირა ასეულობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. 


ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ომის შედეგები და, აუნაზღაურებელი დანაკლისისა და მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად, მომავლისკენ ვიყურებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. 


ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს, და ამავე დროს, თანამიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე.


დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფო გახდება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ძმობის დაბრუნებას, თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.


2008 წელს აგვისტოს ომი რუსეთ-საქართველოს შორის 5 დღეს გაგრძელდა, რასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 170 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი