ახალი ამბები

ელისაშვილი: უნდა მოხდეს ბოლო დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების რევიზია

7 აგვისტო, 2014 • • 1161
ელისაშვილი:  უნდა მოხდეს ბოლო დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების რევიზია

მან საკრებულოს მოუწოდა, რომ სხდომა დაუთმონ არა მეორეხარიხსოვანი, არამედ რეალური პრობლემების მოგვარებას.

 

“ძალიან ცხარე და ძალიან რეალური პრობლემა არის თბილისში ქაოტური მშენებლობები. ბოლო თვეების განმავლობაში გაიცა არაერთი, ათეულობით გამაოგნებელი ნებართვა მშენებლობაზე,” – განაცხადა ელისშვილმა.

 

მისი თქმით, მას ყოველდღიურად აქვს შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც მშენებლობებს აპროტესტებენ; ამიტომაც საჭიროა მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადება და ბოლო დროს გაცემული სამშენებლო ნებართვების რევიზია:

 

“არის კატასტროფული ნებართვები ბოლო დრის გაცემული. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს არა მთლიანად მშენებლობებზე, არამედ იმ მშენებლობებზე, სადაც სამშენებლო ორმო არ არის გათხრილი, სადაც გათხრილია და არ არის ამოყვანილი კორპუსი და სადაც პირველი და მეორე სართულია, სადაც კორექცია შეიძლება. უნდა გამოცხადდეს ერთთვიანი მორატორიუმი და ამ ერთი თვის მანძილზე გადაიხედოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული ნებართვები,” – განაცხადა მან.

 

ელისაშვილი ამბობს, რომ სარევიზიო კომისიაში ურბანისტები, არქიტექტორები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები უნდა შევიდნენ.

 

საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მორატორიუმის გამოცხადება ბიზნესს დააზარალებს:

 

“დრამატიზირება ხდება სიტუაციის, არანაირი კატასტროფული მდგომარეობა თბილისში არ გვაქვს, კონკრეტულ მისამართებზე კი, ბატრონო, შესაძლებელია ცალკე აღებული მშენებლობების საკითხის შესწავლა, ამის წინააღმდეგი არც არავინ არის და ვერც იქნება. რიგ გამოვლენილ პრობელმებზე კონკრეტული რეაგირება, ანუ წერტილოვანი რეაგირება პრობლემებზე და არა ის, რომ მე დრო მჭირდება საკითხის შესასწავლად და ამიტომ ყველას გაჩერებთ – ეს არის ძალიან ცუდი, არასწორი და არაპროფესიონალური მიდგომა პრობლემის გადაწყვეტისადმი, ” – განაცხადა აბესაძემ.

 

ალექსანდრე ელისაშვილმა განცხადა, რომ ამ საკითხს საკრებულოს მომავალ სხდომებზე კიდევ დააყენებს.

ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი