ახალი ამბები

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ბადრი გიორგიძე უხელმძღვანელებს

7 აგვისტო, 2014 • • 2287
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ბადრი გიორგიძე უხელმძღვანელებს

საკრებულოს რამდენიმე წევრის განცხადებით, კანდიდატურის დამტკიცება ნაჩქარევად მოხდა.

 

ფრაქცია ქართული ოცნება–რესპუბლიკელების თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ხედავდა გადაუდებელ აუცილებლობას, რომ რიგგარეშე სხდომა მოწვეულიყო და სასწრაფო წესით დაემტკიცებინათ კანდიდატურა.

 

“დღევანდელი საკითხი, რასაც ვიხილავთ, დღესვე ჩატარდა წინასწარი განხილვა, დღესვე ჩატარდა ბიურო, დღესვე ჩატარდა საკრებულო. ეს არის გრძელი პროცედურა, რომელიც გადაწყდა, რომ ასე ნაჩქარევად, ერთ დღეში მოხდეს.

 

ჭირდებათ, სასწრაფოდ მერიამ დაიწყოს მუშაობა, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ 2–3 დღე ამ საკითხს დააზარალებს. მე ვერ მივიღე პასუხები წინასწარი განხილვების დროს, რა იყო ასეთი ფორსმაჟორის მიზეზი,” – თქვა ხათუნა სამნიძემ.

 

დავით ზურაბიშვილის თქმით, უნდა დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ მხოლოდ სერიოზული განხილვის შემდეგ მიიღებს საკრებულო გადაწყვეტილებებს.

 

“სასურველია, რომ საკრებულოში კანდიდატურა იქნება ეს, თუ საკითხის განხილვა, არ იყოს მუდმივად ფორსმაჟორის რეჟიმში და მეტი საშუალება მიეცეთ დეპუტატებს, რომ რაღაცნაირად გაეცნონ ამ საკითხს, გაეცნონ ამ პერსონებს,” – განაცხადა მან.

 

ზურაბიშვილის თქმით, ბადრი გიორგიძე გამოცდილი კადრია და მისი კანდიდატურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

 

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მან კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა:

 

“მე თავი შევიკავე, ვინაიდან ვამტკიცებთ კანდიდატურებს, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, მთავრობის სხდომისა არ იყოს, სადაც 80% არ ვიცოდი ვინ იყო”

 

თავად მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ახლად არჩეული ხელმძღვანელის განცხადებით, ის თბილისის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას უზრუნველყოფს.

“შევეცდები, რაც შეიძლება ეფექტური გავხადო სამსახური, რომ ამ სამსახურის ეფექტურმა მუშაობამ უზრუნველყოს თვითონ თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ეფექტიანი, ეკონომიური ხარჯვა,” – განაცხადა გიორგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი