ახალი ამბები

თბილისის მერია თანამშრომლების ატესტაციას გეგმავს

7 აგვისტო, 2014 • • 1085
თბილისის მერია თანამშრომლების ატესტაციას გეგმავს

დავით ნარმანია განმარტავს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებით ატესტაცია სვალდებულოა. მისივე თქმით, დღეს შექმნილი კომისია ატესტაციის ჩაბარების გონივრულ ვადებსა და ფორმაზე წარმოადგენს წინადადებებს:

 

“ცალკეული ნიუანსები კომისიის მიერ საკითხის დამუშავების შემდეგ იქნება წარმოდგენილი მთავრობის მომდევნო სხდომაზე, ჩვენ დავამტკიცებთ და გავასაჯაროებთ. ჩვენ გვჭირდება მოსამზადებელი სამუშაოები და ყველა ძირითადი ნიუანსის გავლა, რის გამოც პროცესის დროულად დაწყება გადავწყვიტეთ. პროცესი დიდია და სამუშაოც ბევრი იქნება, რადგან მერიის სისტემა საკმაოდ რთულია და ძალიან ბევრი თანამშრომელი მუშაობს, მოსამზადებელი დრო ჩვენ მეტი გვჭირდება, ვიდრე პატარა მუნიციპალიტეტებს. “

 

ნარმანია მიიჩნევს, რომ მერიაში სტრუქტურების ოპტიმიზაციაც საჭიროა:

 

“ცალკეულ სამსახურებში იყო სამეთვალყურეო საბჭოები, რომლის აუცილებლობაც არ იყო სავალდებულო. გარდა ამისა, ცალკეულ სტრუქტურებში არის კვეთა და არის გადაფარვა, აქედან გამომდინარე ჩვენ ატესტაციის წინ სტრუქტურის ოპტიმიზაციის წინადადებებსაც დავამტკიცებთ. ამ კომისიას ტექნიკური ფუნქცია აქვს და აქედან გამომდინარე მერიის შიგნით შეიქმნა. ხოლო კომისია, რომელიც შემდეგ ატესტაციას ჩაატარებს, დაკომპლექტებული იქნება გარედან მოწვეული პირებითაც.”

 

რაც შეეხება მერიის თანამშრომლების კვალიფიკაციას, ნარმანიას მტკიცებით, უკვე არის შემთხვევები, როცა ცალკეული პირების კვალიფიკაციის დეფიციტი გამოიკვეთა:

 

“სამსახურებიდან და გამგეობებიდან პირველადი ინფორმაცია გვაქვს ცალკეული ადამიანების კომპეტენციის ნაკლებობასთან დაკავშირებით, მაგალითად, გამწვანების სამსახურიდან, ცალკეული რაიონული გამგეობებიდან. ამას დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამსახურების უფროსები და გამგებლები სიღრმისეულად შევლენ საკიხებში, ნახავენ და ამოწევენ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი მუშობდეს მერიაში, რათა ამ ადამიანების საქმიანობის შედეგად მერიის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.”

 

მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა, სხდომაზე განიხილეს თბილისის მთავრობის საორგანიზაციო საკითხები, მოისმინეს გამგებელების ანგარიშები ბიუჯეტში არსებული მდგომარეობისა და პროგრამების მიმდინარეობაზე. ასევე მოისმინეს მერიის სამსახურების ინფორმაციას სამსახურებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014
თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი