ახალი ამბები

ურთიერთბრალდებები თბილისის ბიუჯეტის ხარჯებზე

7 აგვისტო, 2014 • • 1035
ურთიერთბრალდებები თბილისის ბიუჯეტის ხარჯებზე

უმცირესობის წევრების თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში, როგორც ხარჯვითი, ასევე შემოსავლების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან შემოსავლები 107 პროცენტითაა შესრულებული.

 

საკრებულოს უმცირესობის წევრის, თამაზ შოშიაშვილის თქმით, 2013 წელთან შედარებით წელს თბილისის გამგეობებმა 10 მილიონით ნაკლები დაფინანსება მიიღეს და “ქართული ოცნება” თითოელ თეთრს უწევდა მონიტორინგს: 

 

“თანხები, რაც გამოყოფილი იყო გამგეობებში, ძირითადში გახარჯულია, მაგრამ მთლიანობაში სოციალურ მუხლში დედაქალაქის ბუჯეტში არის ეკონომია, რადგან 6 თვის გეგმა გახლდათ 83 მილიონ 933 ათასი ლარი,  საკასო შესრულება კი  78 მილიონი ლარია, შესაბამისად, ბიუჯეტში არის თანხები“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თემურ გრიგალაშვილმა კი ჟურნალისტებს 2014 წლის ბიუჯეტის მიღების პროცესი შეახსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი შიხიაშვილისა [თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე] და მისი გუნდის მიერ სამჯერ დაწუნებული ფინანსური დოკუმენტის შემდეგ დედაქალაქის მერიამ საკრებულოს შესთავაზა თავად შეედგინათ ბიუჯეტი და მასში ჩაედოთ რეგულაციები, რომლის მიხედვითაც თითოელი პროექტი ბიუროსთან თანხმდებოდა.

 

“მინდა შევახსენო დავით ნარმანიას, რომ ბიუჯეტის შედგენისას შიხიაშვილის ერთ-ერთი აქტიური კონსულტანტი იყო მისი სამინისტროს მაღალჩინოსანი, კერძოდ, ბატონი თემურ მურღულია, აქედან გამომდინარე ვურჩევ მას, პრეტენზიები  საკუთარ გუნდთან, საკუთარ უმრავლესობასთან და საკუთარ ლიდერთან – ირაკლი შიხიაშვილთან მოიკითხოს“, – განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა. 

 

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშიამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ ბიუჯეტის ხარჯვაზე გაკეთებული აქცენტები არასწორია. მისივე განმარტებით, აქ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეა საუბარი და არა მის შესრულება–არშესრულებაზე. ჯაბა სამუშიამ მათ მიერ ჩატარებულ  ექსპერტიზაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობებში თანხები პირწმინდადაა გახარჯული, რის დასტურადაც  მან კოლეგებს კონკრეტული ციფრები წარმოუდგინა.

 

საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის  ინფორმაციით, ათივე რაიონს სოციალურ მუხლში 3 მილიონ 650 ათასი ლარი ჰქონდა ჩადებული, ხოლო რეალურად ათივე რაიონის ჯამური ციფრი 350 ათასის ტოლფასია. რაიონების მიხედვით სოციალურ მუხლში,  მაგალითად, ნაძალადევში   32 000  ლარია დარჩენილი,  დიდუბის რაიონში კი,  350 ათასიდან  39 ათასი. იგივე მდგომარეობაა ბინათმესაკუთრეთა მუხლშიც:

 

“ასე რომ,  რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს. ეს არის პირველადი შესწავლის შედეგები და ახლა უკვე ახალი გამგებლები მოახდენენ შიდა შემოწმებას, რის შედაგადაც მალე კონკრეტული სურათი დაიდება. თუ რა მიზნით და რატომ იხარჯებოდა აღნიშნული თანხები, ამას ახლო მომავალში მოგახსენებთ’’, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

“ბიუჯეტი სოციალური დაფინანსების ნაწილში და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ნაწილშიც პრაქტიკულად ამოწურულია, აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც, ერთი მხრივ, დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ადამიანებს, რომლებიც არამიზნობრივად ხარჯავდნენ ბიუჯეტის სახსრებს, ან გადახარჯვას ჰქონდა ადგილი, მოვთხოვოთ სათანადო პასუხი. მეორე მხრივ, ბიუჯეტის სხვა ნაწილებში არსებული ეკონომიკის მოძებნა მოგვიწევს და მისი გადატანა ისეთი აუცილებელი უფლებების დასაფინანსებლად, როგორიცაა სოციალური ქონების ნაწილი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი