ახალი ამბები

ნარმანია: თბილისის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის თანხები გახარჯულია

7 აგვისტო, 2014 • • 1034
ნარმანია: თბილისის ბიუჯეტში სოციალური უზრუნველყოფის თანხები გახარჯულია

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების ნაწილში ბიუჯეტები პრაქტიკულად ამოწურულია:

 

“სოციალური დაფინანსების ნაწილში და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ნაწილშიც პრაქტიკულად ამოწურულია, აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც, ერთი მხრივ, დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ადამიანებს, რომლებიც არამიზნობრივად ხარჯავდნენ ბიუჯეტის სახსრებს ან გადახარჯვას ჰქონდა ადგილი, მოვთხოვოთ სათანადო პასუხი. მეორე მხრივ, ბიუჯეტის სხვა ნაწილებში არსებული ეკონომიკის მოძებნა მოგვიწევს და მისი გადატანა ისეთი აუცილებელი უფლებების დასაფინანსებლად, როგორიცაა სოციალური ქონების ნაწილი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები”, – განაცხადა ნარმანიამ. 

დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი
დავით ნარმანია და ალექსანდრე მარგიშვილი

დავით ნარმანიას განმარტებით, უკეთესი მდგომარეობა არც თბილისის მერიის ბიუჯეტის შესაბამის ნაწილშია. მისი თქმით, თანხების დიდი ნაწილი აქაც ათვისებულია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იხილავენ თბილისის მთავრობის საორგანიზაციო საკითხებს, მოისმენენ გამგებელების ანგარიშებს ბიუჯეტში არსებული მდგომარეობისა და პროგრამების მიმდინარეობაზე. ასევე მოისმენენ მერიის სამსახურების ინფორმაციას სამსახურებში არსებული მდგომარეობის შესახებ და თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის განხორციელების  თაობაზე.

თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014
თბილისის მთავრობის სხდომა, 7/08/2014

მასალების გადაბეჭდვის წესი