ეკონომიკა

საქსტატი: 2013 წელს ლომბარდების მოგებამ 21,6 მლნ ლარი შეადგინა

7 აგვისტო, 2014 • • 1396
საქსტატი: 2013 წელს ლომბარდების მოგებამ 21,6 მლნ ლარი შეადგინა

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ლომბარდების მომსახურებით სარგებლობის კუთხით თბილისი ლიდერობს. დედაქალაქში ლომბარდების სერვისით მომხამრებელთა 60%–მა ისარგებლა. 12%– იმერეთის რეგიონზე, 11% -აჭარაზე, 8% -სამეგრელო–ზემო სვანეთზე, 4%- ქვემო ქართლზე, 2%- შიდა ქართლზე, 2%- კახეთზე, ხოლო 1% გურიაზე მოდის. 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ლომბარდების 45,8%  თბილისში მდებარეობს, 13,5%- იმერეთის რეგიონში, 12,3% – აჭარაში, 10,6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 17,8 % სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.

 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, სესხზე წლიურმა საშუალო განაკვეთმა 54,1% შეადგინა. გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ლარში 61,7% იყო, აშშ დოლარში- 48,3%.  ყველაზე მაღალი განაკვეთი შიდა ქართლში -81,6%, ხოლო დაბალი მცხეთა–მთიანეთში 308% დაფიქსირდა. 

ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2013 წლის ბოლოსათვის 13,4 მლნ ლარი შეადგინა. 71 % გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 29 % – უცხოურ ვალუტაში. 

 

სტატისტიკური მონაცემებით 2013 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 3,7 მლნ ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 77% – ეროვნულ, ხოლო 23 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობა რეზიდენტ ბანკებზე მოდის.

2013 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ  გაცემული სესხების მოცულობამ 310,7 მლნ ლარი შეადგინა (მათ
შორის 43 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 57 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში).

 

გაცემული სესხების 96 % ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 4 % – იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2013 წლის ბოლოსათვის 10,3 მლნ ლარი შეადგინა.

საინტერესო სურათს გვაძლევს ვალდებულებების ანალიზი. კერძოდ, 2013 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 209,9 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის უმრავლესობა (75 პროცენტი) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 99 პროცენტი რეზიდენტებისაგანაა აღებული.

ლომბარდების 2013 წლის საბალანსო მოგებამ  21,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 54,2 %  თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება: თბილისი – 54,2 პროცენტი; იმერეთი – 18,1 %, აჭარა – 12,7%; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 9,3 %. 

 

საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2013 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა)
რაოდენობა 682 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,8%) ფიზიკური პირია.

 

ლომბარდების მოგება
ლომბარდების მოგება

მასალების გადაბეჭდვის წესი